„ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა რონალდინიოს დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს. 2015 წელს „ფლუმინენსედან“ წასვლის შემდეგ გაუჩო სამი წლის განმავლობაში უკლუბოდ იყო და 2018 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 40 წლის ბრაზილიელს ფეხბურთში დაბრუნება სურს, თუმცა შესაძლოა ამას ხელი იმ პირობითმა სასჯელმა შეუშალოს, რომელსაც რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გამოსვლის შემდეგ იხდის.
რაც შეეხება მარადონას, მან სულ ახლახანს „ხიმნასიასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა და ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს.