„გიორგი რომც არ იყოს მოკლული, ფაქტია, რომ ბავშვი ამ დევნას შეეწირა“

„გიორგი რომც არ იყოს მოკლული, ფაქტია, რომ ბავშვი ამ დევნას შეეწირა“

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით,19 წლის ფეხბურთელის გარდაცვლების მიზეზს და ექსპერტიზის დასკვნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებული პირებიდან რამდენიმე არასრულწლოვანია. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია. დაკავებულებს შორის არის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და „ვიტ ჯორჯიას“ 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე.

როგორც ცნობილია, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4 დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

როგორც გამოძიებით გამოიკვეთა, 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით ორგანიზება გაუკეთა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

გამოძიების თანახმად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, ბარბაქაძე მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა მისი თქმით, ძალადობა ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა, ხოლო ხიდთან, როდესაც მოძალადეები დაინახა, რომელთაც მანქანა გააჩერეს, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

„როგორც გითხარით, ბარბაქაძე ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა გიორგი შაქარაშვილი არ უნახავს, არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან შაქარაშვილს არც თენგო ბარბაქაძეზე და არც მის მეგობრებზე არ უძალადია. მერსედესის მარკის ავტომობილში მჯდომ არც ერთ ადამიანს ხელში არაფერი არ ეჭირა და თავად მანქანის მფლობელი, ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად მისულმა დაინახა მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი,ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო. მისივე თქმით, დაკავებულ არასრულწლოვანს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ არ დაუნახავს, დაარტყეს. მისი თქმით, ჩხუბის დაწყების პირველი ეპიზოდის დროს მისი შვილი ეზოში მთვრალ მდგომარეობაში იჯდა და ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მისმა შვილმა დაინახა, თუ როგორ იღებდა მეორე სართულიდან ერთ-ერთი ბიჭი დაწყებულ ჩხუბს. დაკავებული არასრულწლოვნის მამა ითხოვს, მის შვილს ჩვენება ხელახლა ჩამოართვან.

„პოლიციაში ეუბნებოდნენ, რომ რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია, ვიფიქრე, არა უშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა, ედავებოდნენ, შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა. 3-4 პოლიციელი ესწრებოდა ამას.

ჩემი შვილი „ნახალოვკელების“ მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, მთვრალს შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“ ეძინა, რომ მიტრიალდნენ უკან, კიდევ მანანქაში ეძინა, ავტობანზე გაეღვიძა. როცა ბიჭებისკენ გაიქცნენ, ჩემი შვილიც ამ ბიჭებს გაყვა, მეტი არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავს, შაქარაშვილს ხომ შორტები ეცვაო, ჩემმა შვილმა უთხრა, არ ვიცი, არ დამინახავსო. როგორ არ დაგინახავს, უნდა დაგენახაო და ჩაარტყა“, - აცხადებს არასრულწლოვნის მამა.

დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მშობლების თანდასწრებით მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დანაშაულის ორგანიზებას, მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

„მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არც ერთ ჩხუბში და არც ერთ ძალდობაში და ასევე, მას არავინ არ გაუტაცია. მას ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ასევე, გეტყვით, რომ არც იმ „ტოიოტას“ მძღოლების მიერ არ მომხდარა მოწმის გატაცება, რომელსაც ოქროს მოწმედ აფასებენ. ეს არის ამირხანაშვილი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამირხანაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. საქმეში ასევე არის სათვალთვალო ვიდეო. ამ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია ნივთი ხელში“, - ამბობს გიორგი გელხაური.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ზეწოლა განხორციელდა დაკავებულის მიმართ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუმცა მისი თქმით, ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდგომ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ არ გაკეთდა მსგავსი განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ.

„ეს განცხადება გაკეთდა მას შემდგომ, რაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა, თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა, ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე, თუმცა მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით. რაც შეეხება 17 დაკავებულს, ნიკოლაძის განცხადებით, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება სათანადო მტკიცებულებები და ისე არ მოხდეს, რომ მერე სასამართლომ გაამართლოს.

„ჯერჯერობით, გამოკვეთილია ის, რაც ჩვენს ეპიზოდს არ უკავშირდება, ამაზე აქვთ ბრალდებები წაყენებული, მაგრამ სათანადო მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ ვნახავთ სიმართლეს, რამდენადაა ეს ხალხი კვეთაში ჩვენს ეპიზოდთანაც. შესაძლო ფიზიკური ძალადობის ვერსიას ვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადგენილი ფაქტი არ არის. ამიტომ ვთქვა რომელიმე პირზე, რომ თუნდაც ეჭვი მაქვს, ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ უნდა დადგინდეს ძალადობის ფაქტი და შემდეგში გამოიკვეთოს მისი ჩამდენი პიროვნება“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილი მოცემულმა სიტუაციამ და დევნამ გამოიწვია.

„ჩვენ, რომ გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე, უნდა გავარკვიოთ მოხდა თუ არა დანაშაული. რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაზე, მის მნიშვნელობაზე, სწორედ ეს იქნება ამოსავალი წერტილიც. თუ დადგინდა დანაშაულის ფაქტი, შემდგომი კითხვები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ბოლო მომენტში გამოეკიდნენ გიორგის.

ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტის გაგრძელება იყო ეს დევნა. საკმაოდ გრძელ მანძილზე სდიეს ახალგაზრდებს ავტომობილის ბიჭებმა, ზუსტად ეს გახდა გიორგის გაქცევის მიზეზიც. თავდაპირველად გაიქცნენ, თუმცა მობრუნდნენ ნაცემი ბავშვის დასახმარებლად და ამასობაში, მოვიდა მეორე მანქანაც, რასაც გაექცნენ, მათ შორის, გიორგიც გარბოდა. ბავშვი რომც არ იყოს მოკლული, ფაქტია, რომ ბავშვი ამ დევნას შეეწირა. თუ ვამბობთ, რამ მოკლა გიორგი, ფაქტია რომ სიტუაციამ მოკლა გიორგი. ჩვენ გვექნება კითხვები იმ ადამიანებთან, ვინც გიორგის დევნიდა“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

 

romani ბატონ მირიანის მიდგომა არის გონივრული და ობიექტური. იშვიათად ხდება ასეთი რამ - ჩვეულებრივ, ახლობლები, და ესეც ბუნებრივია, ზედმეტ აგრესიულობას იჩენენ. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ღირსეულ ქცევასთან.
4 წლის უკან