„მთელი ის აგრესია, რაც გვიგროვდება სამყაროზე, მიდის იმ ადამიანისკენ, რომელიც რაღაციათ განსხვავებულია“

„მთელი ის აგრესია, რაც გვიგროვდება სამყაროზე, მიდის იმ ადამიანისკენ, რომელიც რაღაციათ განსხვავებულია“

ახალგაზრდებს შორის საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის მსგავსი ფინალით დასრულდა. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის კვალი მცხეთაში ერთ-ერთ აგარაკზე მეგობრის წვეულებიდან გაუჩინარდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ კი შაქარაშვილის ცხედარი არაგვის კალაპოტში დაზიანებული იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ახალგაზრდის მიმართ გამოყენებული იყო რკინის ბლაგვი საგანი.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ჩასულები იყვნენ 2 ავტომობილით რაგბისტები კონფლიქტის ვითომდა მოსაგვარებლად. სინამდვილეში, მოგვარების ნაცვლად საქმის გარჩევა მსხვერპლით დასრულდა.

რა იწვევს აგრესიას ახალგაზრდებში, ამის შესახებ for.ge-ს ფსიქოლოგი მაია ცირამუა ესაუბრა.

როგორც წესი, აგრესია განმეორებადი და გადამდებია. რა იწვევს სისასტიკეს ადამიანებში და ასეთ დროს ვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება - სახელმწიფოს, თუ ოჯახს?

- ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ერთ დონეზე ვერ განვიხილავთ და კონკრეტულ დამნაშავეს ვერ ვიპოვით. ყველა დონეზეა პრობლემა - ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების, არის პრობლემა ღირებულებების დონეზე, ის, რომ ძველბიჭობა, ე.წ. კაიბიჭობა, მაჩოური კულტურა წახალისებული და მიღებულია. ასეთი პათოსით ვზრდით შვილებს, არავინ დაგჩაგროს, იქით შეუტიე, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მენტალობაზეც, შეხედულებებზეც, განსაკუთრებით, მძიმეა ეს ბიჭების შემთხვევაში. ხშირად არის შეკვეთა, ძლიერი იყავი, მაგარი იყავი და ეს სიძლიერე ასოცირდება იმასთან, რაც უფრო ძალადობრივი, აგრესიული ხარ და ყველას ეშინია შენი. ძალიან ბევრი ფაქტორია აღზრდის სისტემაში, ღირებულებათა სისტემაში, რომელიც ამაზე მოქმედებს.

ასევე, ილუზიაა, რომ კაი ბიჭობა და ქურდული გაგება სადღაც წავიდა. არსად არ წასულა, ისევ ჩვენთანაა, ისევ ტრენდულია ახალგაზრდებში გარჩევები, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ მოვუარეთ, ვერანაირი გზა ვერ ვიპოვეთ, რომ ამ მენტალობიდან ცოტათი მაინც გავთავისუფლდეთ. არაერთხელ მიკითხავს თინეიჯერებისთვის, როცა შენ გიჭირს, დახმარება გჭირდება, როცა გავიწროებენ თანატოლები, თუ მოზრდილები, რას აკეთებ ამ დროს? ათი პასუხიდან რვა მიმიღია, რომ მსგავს შემთხვევებში დაუკავშირდება „სხვა გაგების ბიჭებს“, ანუ არ ეტყვის მშობელს, არ მიმართავს პოლიციას. ეს ხომ პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ.

მეორე მხრივ, არის პრობლემა განათლების სისტემაში. თინეიჯერი გახდა ადამიანი, რა აქვს დღეს თინეიჯერს? რისი კეთება შეუძლია? რისკენ შეიძლება ისწრაფვოდეს? რას სთავაზობს ქვეყანა ახალგაზრდას? არაფერ ღირებულს არ სთავაზობს, ისეთს, რაც მის ასაკობრივ საჭიროებებს, მის ინტერესებს შეესატყვისება. რა უნდა თინეიჯერს? თინეიჯერს უნდა აღიარება, ინტეგრაცია თანატოლებთან და მას უნდა თავგადასავალი. ეს თავგადასავალი შეიძლება იყოს რისკიანი, საშიში, დაძაბული და, ამავდროულად, თავგადასავალი შეიძლება იყოს, ასევე, რისკიანი, ოღონდ პოზიტიური. ახალგაზრდებისთვის რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, თუკი მოვინდომეთ - სხვადასხვა ტიპის კლუბები (მუსიკალური, სპორტული, ლიტერატურული). ამის გაკეთება შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ეს უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

შენს უბანში, რაიონში, რეგიონში როდესაც შენ ხარ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, აუცილებლად უნდა დატოვო სივრცე ფინანსურიც, ინფრასტრუქტურულიც, ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც, განათლების კუთხითაც იმისთვის, რომ მიხედო ბავშვებს, რადგან ბავშვის ცხოვრება უკავშირდება ოჯახს და იმ უბანს, იმ თემს, სადაც ის ცხოვრობს. მაშინაც კი, როცა ბავშვს პრობლემა აქვს ოჯახში და გადის გარეთ, რა ხვდება გარეთ? გარეთაც თუ იგივე საშინელება ხვდება, მოწყენილობა, უაზრობა, კონფლიქტები, რა გზა რჩება ახალგაზრდას? არანაირი გზა და ამას ეწირება ისიც, ვინც დანაშაულს ჩადის და, თავისთავად ცხადია, ეწირება ის, ვინც ამ დანაშაულის მსხვერპლი ხდება.

თქვენ ახსენეთ, რომ ახალგაზრდები თავგადასავლების მაძიებლები არიან. ჩვენი წინა თაობა და უფრო ადრინდელი თაობებიც არ განიცდიდნენ თავგადასავლების ნაკლებობას, მაგრამ ამ საუკუნეში კიდევ რამე ხომ არ დაემატა, რამაც ფონი უფრო აგრესიული გახადა? თუნდაც ინტერნეტზე მიჯაჭვულობა, აგრესიული ფილმები?

- ტექნოლოგიების განვითარებას ურთიერთობის ახალი ფორმები მოაქვს, მათ შორის, მოაქვს ახალი ტიპის ძალადობის ფორმებიც. მე არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ მხოლოდ მოწყენილობას უკავშირდება ახალგაზრდებში გამოვლენილი აგრესია, აქ ბევრი ფაქტორია, მათ შორის, ისიც, რომ ღირებულებითი ორიენტირები არ არის, განათლება აბსოლუტურად ნიველირებულია. ვისთვისაა ფასეულობა განათლების მიღება? არ არის ეს ფასეულობა დღეს გადამრჩენი ასეთ აგრესიულ საზოგადოებაში, ასეთ პირგამეხებულ საზოგადოებაში, სადაც ყველა იბრძვის არსებობისთვის, ადგილის დამკვიდრებისთვის ყველაზე უფრო მიუღებელი და აგრესიული ფორმებით. ამ ყველაფერს გადაწყობა სჭირდება. პრობლემა არის ყველგან, ზოგჯერ ადამიანს პირადადაც აქვს გამოწვევები, ოჯახის დონეზეც, განათლების სისტემის დონეზეც, თემის დონეზეც, საზოგადოების დონეზეც და, თუ ბოლომდე გავყვებით, სამყაროს დონეზეც. ეს გლობალური პრობლემა, როგორიცაა პანდემია, ძალიან ცუდად აისახა ადამიანების ფსიქიკაზე.

და ჩაკეტილი სივრციდან ღია სივრცეში გასვლისას ადამიანებმა თავი ვეღარ შეიკავეს?

- შეიძლება, აქ ბევრი ფაქტორია, დავაკვირდეთ მსოფლიოს, რა ხდება, როგორი ტალღაა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც. როგორ მომატებულია აგრესიულობის ფონი. ამას კვლევა სჭირდება. ფაქტია, აგრესიულობის ზოგადი მაჩვენებელი მომატებულია და ეს არ არის ერთი კონკრეტული ფაქტორის შედეგი, ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორის შედეგი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა ამ შემთხვევას ვერ განვიხილავთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და იმ ფონის მიღმა, რაც არსებობს. დღეს შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე იყოს საფრთხის ქვეშ, თუ, დავუშვათ, რაღაც არ ჯდება მეინსტრიმულ გაგებაში. ვიღაცას შეიძლება საყურის გამო შეექმნას პრობლემა, ვიღაცას შეიძლება პრობლემა შეექმნას პერანგის ფერის გამო. აქამდე მივიდა საქმე. ისეთი მაღალი მუხტია, რომ ელემენტარული, პატარა ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ გვაქვს აგრესია. მთელი ის აგრესია, რაც გვიგროვდება სამყაროზე, დაწყებული ბავშვობიდან დღემდე, მშობლების, მასწავლებლების, მთელი საზოგადოების დამოკიდებულებიდან დამთავრებული, ეს აგრესია მიდის იმ ადამიანისკენ, რომელიც რაღაცით განსხვავებულია.

 

 

 

 

 

romani რას აგიჩემებიათ ეს ქურდული მენტალიტეტი, არ გვიჩხუბია როდისმე თუ უბანი არა გვაქვს? აქ არაფერ შუაშია ქურდული მენტალიტეტი და ა.შ. მეგობარი ეხმარება მეგობარს. როდისმე იყო სხვანაირად? ეს დედაკაცური წირპლიანობა, რომ კაცებს გადაედო, ვერ ატყობთ? ასეთი ჩხუბები ათასია, ყოველდღე, ყველგან, ყველა ქვეყანაში, სადაც, ჯერ კიდევ, კაცები არსებობენ. ცუდად დამთავრდა, ცუდია ძალიან, მაგრამ იქ მკვლელი არავინ ყოფილა. მე, მიმაჩნია, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლია ის კარგი ახალგაზრდა.
4 წლის უკან
Maverick ქურდული მენტალიტეტი არაფერ შუაშია, შუაშია ოჯახი!

ოჯახი სადაც არავის ცალია ბავშვთან ყოფნით, მათთან ურთიერობით დაკავდეს, ხოლო მშობლები საშოვარზეა გასული, იქ ბავშვი თავის ნებაზეა მიშვებული, ოჯახური სითბო აკლდება, უხეშდება და თავი რომ დაიმკვიდროს ძალაუნებურად იწყებს "მგლური" კანონებით ცხოვრებას!

ამის თავიდან ასაცილებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სახელმწიფომ და სკოლამ უნდა მიიზიდოს მოზარდი ახალგაზრდობა მიდრეკილების მიხედვით სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ წრეებში ჩასაბმელად, ამას კი თანხები ჭირდება, რაც სახელმწიფოს "არ" აქვს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებითაა დაკავებული და მრავალი სხვა "აუცილებელი" ხარჯებით, ასე რომ მოზარდებიხვდებია ქუჩაში და მერე ხდება ის რაც ხდება..!
4 წლის უკან
Katana . Maverick: "...ამას კი თანხები ჭირდება, რაც სახელმწიფოს "არ" აქვს - ოპოზიციური პარტიების დაფინანსებითაა დაკავებული."
ჰო!.. დასაფინანსებელი აწი ნახე, ახალი კანონით, ყველა პარტია რომ შედგამს პარლამენტში თითო ფეხს და ყველა რომ "საპარლამენტო პარტიად" იქცევა!..
4 წლის უკან