ჯორჯ მარტინი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მეექვსე წიგნზე მუშაობას წლის ბოლომდე ვერ დაასრულებს. ამის შესახებ მწერალმა თავის ბლოგში დაწერა.
71 წლის ავტორი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია და მთელ დროს „ზამთრის ქარებზე“ მუშაობას უთმობს, თუმცა პროგრესის მიუხედავად, „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები წიგნს წელსაც ვერ წაიკითხავენ.
„იმედი მაქვს, მომავალ წელს ვირუსი უკან დაიხევს და რომანს დავასრულებ. გუშინ ახალ თავზე მუშაობას მოვრჩი, 3 დღის წინ კიდევ ერთი თავი დავწერე და კიდევ ერთი გასულ კვირას. კი, სწრაფად ვწერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომანი მზად არის და მას ხვალ გამოვცემ. წინ დიდი გზაა“, - აღნიშნა მარტინმა.
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“ HBO-ს ყველაზე პოპულარული ტელესერიალი „სამეფო კარის თამაშებია“ დაფუძნებული. თუმცა მარტინმა ციკლის უკანასკნელი წიგნი „დრაკონების ცეკვა“ 2011 წელს გამოსცა. „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები ციკლის მეექვსე რომანს უკვე 9 წელია ელოდებიან.