გოგა ბითაძის თანაგუნდელს, მალკოლმ ბროგდონს კორონავირუსი დაუდგინდა

გოგა ბითაძის თანაგუნდელს, მალკოლმ ბროგდონს კორონავირუსი დაუდგინდა

„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძის თანაგუნდელს, მალკოლმ ბროგდონს კორონავირუსი დაუდგინდა. 27 წლის კალათბურთელი ტრავმისგან ახლახანს გამოჯანმრთელდა, ბოლო პერიოდში კი ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ დემონსტრაციებში მონაწილეობდა.

ბროგდონი კარანტინშია, მის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. „ინდიანა“ ორლანდოში, სადაც NBA-ს შეხვედრები უნდა გაიმართოს, ივლისის დასაწყისში ჩავა და ხუთი-ხუთზე ვარჯიშის საშუალება კალათბურთელებს მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ით „საკრამენტო კინგსის“ სამი კალათბურთელი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.