ახალ ზელანდიაში, „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი სერიალისთვის მსახიობების ძებნა და შერჩევა დაიწყო. ამის შესახებ The Guardian წერს.
მსახიობის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმია არაორდინალური გარეგნობა.
„გვჭირდება არაოდინალური გარეგნობის ადამიანები. ვისაც აქვს სახის დამწვრობა, შრამები, გრძელი კიდურები, გამოწეული ყურები, ნაოჭები სახეზე. საინტერესო, კარტოფილის ფორმის ცხვირი, წვრილი თვალები ან რამე დეფექტი. თუ ამ აღწერაში თქვენი თავი ამოცანით, გადმოგვიგზავნეთ ფოტო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს.
„ბეჭდების მბრძანებლი“ რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაა, რომელიც გადაღებულია ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გამოვიდა 2001-2003 წლებში და იქცა ერთ-ერთ მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.
ფილმის მოქმედებას ადგილი აქვს გამოგონილ ქვეყანაში, შუახმელეთში. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჰობიტი, ფროდო ბეგინსი მიემგზავრება მორდორის ქვეყანაში საურონის ბეჭდით, რომელიც საურონს წაართვეს მრავალი წლის წინ. იგი ცდილობს ბეჭდის დაბრუნებას, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ შეძლებს მთელი სამყაროს დაპყრობას. მეგობრებთან და შუახმელეთის არსებებისა და ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ფროდო საბოლოოდ მიაღწევს მორდორამდე და ანადგურებს ბეჭედს, თუმცა მას ამაში ხელს უშლის ბოროტი არსება გოლუმი. საბოლოოდ ბოროტება განდევნილია შუახმელეთიდან.