ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. მის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყანა მუშაობს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „პალიტრანოიუსის“ ეთერში განაცხადა.
„კონკრეტული ვადამ, როდის იქნება ვაქცინა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ვიმედოვნებ რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ არა რამდენიმე თვეში. ეფექტური და ხელმისაწვდომი ვაქცინის შექმნას დიდი დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი თქმით, ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში ეპიდსიტუაციას არ გააუარესებს.
„ტურისტული სეზონი თეორიულად რისკებს შეიცავს, თუმცა დაავადებათა კონტროლის მიერ გათვალისწინებულია ეს რისკები და ის მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ამიტომ არ ველოდები რომ ჩვენთან ტურისტული სეზონის გახსნა რადიკალურად გააუარესებს ეპიდსიტუაციას“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგა, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას დაიწყებს.
ქვეყანაში დადასტურებულია 908 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 761 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.