რატომ მიიღო ასე ცოტა ადამიანმა უმუშევრობის კომპენსაცია?

რატომ მიიღო ასე ცოტა ადამიანმა უმუშევრობის კომპენსაცია?

მთავრობის 200-ლარიანი დახმარება 90 ათასმა კაცმა მიიღო, ხოლო 300-ლარიანი - 84 ათასმა. ეს ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლებია იმ დროს, როდესაც უმუშევრად გაცილებით მეტი ადამიანი დარჩა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ვერ იღებენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის მდგომარეობით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია 84 564-მა თვითდასაქმებულმა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 155 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

„პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში“, - ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასეთი მცირე ოდნეობით კომპენსაციის გაცემით უკმაყოფილოა მოსახლეობა. უმუშევრად გაცილებით მეტი ადამიანი დარჩა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ვერ იღებენ. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა მთავრობაც დააფიქრა და დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა.

მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. ეს გულისხმობს, იმას რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

სპეციალისტები გამოსავალს ვერც დადგენილებაში შესატანი ცვლილებებით ვერ ხედავენ, რადგან მდგომარეობა რეალურად ვერ შეიცვლება. ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის აზრით, კრიტერიუმი ის კი არ უნდა იყოს ვის დავეხმაროთ, არამედ ის, ვის არ დავეხმაროთ. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ყველას, ვისაც წლიურ 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

„ხელისუფლება უნდა წასულიყო გამორიცხვის მეთოდით და კომპენსაცია უნდა მიღო ყველას, ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ასევე საჯარო მოხელეებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ ამ სიაში. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პოლიტიკა. ამ ჩამონათვალს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის ის 1.4 მლრდ რომ გაენაწილებინათ სეგმენტზე, თითოეულ ადამიანზე გამოვიდოდა 400 ლარის დახმარება. ასე არ გააკეთეს და ახლა ჩვენი მოქალაქეები აღმოჩნდნენ სიღარიბეში და ჩვენ ვერ ვეხმარებით მათ“, - განაცხადა ყიფიანმა.