კონგრესმენი ალექს მუნი: მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია

კონგრესმენი ალექს მუნი: მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია

ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია. ამ მიზნით საკონტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.

გრძელდება რა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერება, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ხვალ, მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, „ევროპული საქართველო“ კი, რომელმაც ცვლილებებს პირველ მოსმენაზე გუშინ მხარი დაუჭირა, მეორე მოსმენაზე დასწრებასა და კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მანამდე გიორგი რურუა გათავისუფლდება.

რაც შეეხება „დამოუკიდებელ დეპუტატებს’’, მარიამ ჯაშის განცხადებით, მათი ფრაქციისგან ამ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოსა’’ და „ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდაჭერის გარეშეც, ცვლილებების მისაღებად, საკმარისი ხმები გროვდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.