როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ეს იგივეა, რომ ფეხებზე 50-60 კგ-იანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გიორგი რურუაზე საუბრისას კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქართველები ერთმანეთს აღარ ესვრიან, რაც პროგრესია, თუმცა, ნამდვილი შერიგება ქევეყანაში არ მომხდარა, რადგან შერიგება მხოლოდ ისტორიული სიმართლის დადგენის საფუძველზეა შესაძლებელი.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა ბატონი ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას 1991-92 წლების მიჯნაზე დატრიალებული მოვლენები ცნო სახელმწიფო გადატრიალებად. ეს იმას ნიშნავს, რომ არის მხარე, რომელმაც დაამხო სახელმწიფო და პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ოფიციალურადაც ის მხარეა.
ვუსმინე ბატონ რურუას გამოსვლას ტელევიზიით, იაგო ხვიჩიასთან და იქ არ ჩანდა, რამე სინანული ამ ამბებში მონაწილეობის გამო - დიალოგისას ლამის ყველაფერი ზვიად გამსახურდიას დაბრალდა. რურუა მიიჩნევდა და ალბათ ახლაც მიიჩნევს, რომ ისტორიის სწორ და ნათელ მხარეს იდგა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ჩვენ, მართალია, ერთმანეთს აღარ ვესვრით, რაც თავისთავად პროგრესია, თუმცა, ნამდვილი შერიგება ჩვენს ქევეყანაში მაინც არ მომხდარა, რადგან შერიგება მხოლოდ ისტორიული სიმართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სამართალი კი იგვიანებს. ზოგადად კი ვიტყვი, როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ეს იგივეა, რომ ფეხებზე 50-60 კგ-იანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება. დიახ, რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხვილად ქცეული უახლესი ისტორიის სამწუხარო დღეებისაკენ გვეზიდება“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
როგორც ცნობილია, პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ, რომელიც პოლონეთში პოლიციის ატაშეს თანამდებობაზეა, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკს წერილით მიმართა, რომელშიც გიორგი რურუაზე წერს. მისი თქმით, სწორედ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.
რამდენიმე დღის წინ ტუსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ამას მიესალმება, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.