საქართველოს მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი, ადამ კინზინგერი გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება კონგრესმენმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„გილოცავ, საქართველო“ ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს - ჩვენ თქვენთან ვართ“! - წერს კინზინგერი.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.