კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, რომ საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, რომ საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას

8 მარტის შემდეგ, მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა. იმედი მაქვს, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი Twitter-ზე წერს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.