მამუკა მდინარაძე: აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი, პიარული „ნოუ-ჰაუ“

მამუკა მდინარაძე: აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი, პიარული „ნოუ-ჰაუ“

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „პიარულ თავხედობასა“ და „უტიფრობას“ უწოდებს.

მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ ჯერზე ატყუებს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ.

„როგორც ამ დღეების განმავლობაში ვამბობდით, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშეა ის, რაც გარანტირებულად მოხდა - „ქართული ოცნების“ 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. ასევე - იმ დეპუტატებმა, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ.

იცით, რომ „პარტიოტთა ალიანსს“ ერთი წევრი გამოაკლდა და მან მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, 117-ის ნაცვლად, („პატრიოტთა ალიანსი“ ამ 117-ში ითვლებოდა ერთი წევრის გამოკლებით) მოხდა ისე, რომ მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, გარდა „ევროპული საქართველოსი“. მათი ხმებიც დაემატა და საერთო ჯამში, 136 ხმა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც გადიოდა ჩვეულებრივად, მარტივად და ყველა ის სპეკულაცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო, კიდევ ერთხელ ტყუილი აღმოჩნდა.

რაც შეეხება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალის საოცარ განცხადებას და პიარულ თავხედობას (უფრო რბილად როგორ შევაფასო არ ვიცი), რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ალბათ, ვერც კი წარმოგედგინათ თქვენც, ჟურნალისტებს, რომ ტყუილი ასეთი ხარისხით შეიძლება ვინმეს, ერთ ადამიანსაც კი აკადრო, რომ დააჯერო, თითქოს მხარს უჭერ და ხმას არ აძლევ. მათი მხრიდან პიარული თავხედობა და უტიფრობა გრძელდება. ისინი მორიგ ჯერზე ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, რომ მხარს კი უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პიარული „ნოუ-ჰაუ“, რომლის მიხედვითაც, მათ როგორც ჩანს, საზოგადოების წევრებზე და მათ წარმომადგენლებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა და ამაში მათ შორის ჩატარებულმა კვლევებმა დაარწმუნა, რომ ისინი ვერც ერთ კონფიგურაციაში ვერ მიდიან ახლოსაც კი იმასთან, რასაც საარჩევნოდ აანონსებენ. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი გზა არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციის გეგმაში არჩევნები, მით უმეტეს დემოკრატიულად ჩატარებული და ამ პროექტის მხარდაჭერა ბუნებრივად არ ჯდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.

სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.