ივანიშვილს პერსონალურად და მთელ მის რეჟიმს კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავი გადაირჩინონ პოლიტიკურად. არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია. პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, მაშინ ჩვენც კიდევ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ შესრულდება შეთანხმება, შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია იქნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ბურთი ახლა მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.