ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძე - ამ 5-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა.
ნატო ჩხეიძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ამის მიზეზები პოლიტიკოსებმა რიგგარეშე სხდომაზე ახსნეს.
ალექსანდრე ერქვანიას განმარტებით, სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება.
„ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“, - ეს პოზიცია კი დავით ჭიჭინაძემ დააფიქსირა.
ბიძინა გეგიძე კი იმ მოტივით არ უჭერს ცვლილებებს მხარს, რომ მისი თქმით, „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.
თავის მხრივ, ემზარ კვიციანი ამ ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.
ნატო ჩხეიძის პოზიციით კი, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.
„ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.
სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.