ძალიან კარგია, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული სახელმწიფოს“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ის, რომ პარტია ხვალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობა ფასილიტატორი ელჩების მოწოდების შედეგია.
„მაინც კარგია, რომ გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ უკვე გაჭრა და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღოთ ისედაც, ამ ყველაფრის გარეშე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ისინი მაინც სპეკულირებენ, ისინი მაინც ვაჭრობენ და მე ვფიქრობ, რომ როგორც გუშინ ვთქვი და ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა. მე მგონია, პირადად, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა ამ კანონპროექტისა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„ევროპულ საქართველოში“ დღეს გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 1-ლი მოსმენით განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას და კანონპროექტს დაუჭერენ მხარს.
21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს.