გრიგოლ ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

გრიგოლ ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, მათი პარტია, „დიდი მწუხარების მიუხედავად“, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ვერ ჩაერთვება.

„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი, არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ. ყველამ ვიშრომეთ, ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია შავით თეთრზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასდროს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, 8 მარტს შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავალი ელჩები მხარეებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. ამავე მოწოდებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.