ვაშინგტონში დემონსტრანტებმა კონფედერატი გენერლის ძეგლი ჩამოაგდეს და ცეცხლი წაუკიდეს

ვაშინგტონში დემონსტრანტებმა კონფედერატი გენერლის ძეგლი ჩამოაგდეს და ცეცხლი წაუკიდეს

აშშ-ის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ვაშინგტონში ერთადერთი კონფედერატი გენერლის ძეგლი ჩამოაგდეს. ამის შესახებ AFP იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ალბერტ პაიკის ქანდაკება პოსტამენტიდან თოკების მეშვეობით ათობით დემონსტრანტმა ჩამოაგდო, რომლებიც სკანდირებდნენ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ფაქტს „სასირცხვილო“ უწოდა და ქალაქის პოლიცია გააკრიტიკა.

„ვაშინგტონის პოლიცია თავის საქმეს არ აკეთებს და უყურებს როგორ ჩამოაგდეს და დაწვეს ძეგლი. ის ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა დააკავოთ. ეს სირცხვილია ქვეყნისთვის“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

პარასკევს აშშ-ის ქალაქებში ემანსიპაციის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები გაიმართა. ეს დღესასწაული ქვეყანაში მონობის დასრულებას აღნიშნავს. აქციების მონაწილეები რასობრივ თანასწორობას ითხოვენ.