ახალი შემთხვევებიდან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ეს ე.წ. „იმპორტირებულ“ შემთხვევად ითვლება. დანარჩენი ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ერთი ბოლნისი და ერთი - მარნეული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 132 ინფიცირებული მკურნალობს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 898 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 752 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2891 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 256.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.