სანამ გამოძიება არ დაინტერესდება მსგავსი დეტალებით და ავთენტურობა არ დადასტურდება, ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ავთენტურობა დადასტურდება გარკვეული დროის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კიდევ უფრო დეტალური ანალიზი იქნება საჭირო.
„გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გარდა, შეიძლება სცოდნოდათ სხვებსაც, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერავინ იტყვის კატეგორიულად. ჩვენ ვნახეთ ბატონ გვარამიას გამოსვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ წინასწარ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ. რაც შეეხება ჩანაწერს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სამართალდამცველებთან ერთად დეტალურად არ შეისწავლიან ამ თემას, არ შეიძლება სერიოზული კომენტარები გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დასადგენია, ვინ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ, რამდენად იყვნენ ისინი ჩართული, რისი ეჭვიც დამატებით გააჩინა ამ ჩანაწერმა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.