„მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, მისთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს.
„ჩემთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს, სხვას - არაფერს. ამ ინფორმაციის მიღების მერე ვერ ჩავედი უკრაინაში და ტელეფონით ვცადე ჩემს ნაცნობებთან, არა მხოლოდ ქართველებთან, დამეზუსტებინა. არავითარი დადასტურება არ წამოსულა. ინფორმაციის სიზუსტის არ მჯეროდა ბოლომდე, თუმცა ტვინში ვუშვებდი, რომ ეს შეიძლება, მართალი იყოს. ჩემს მეგობრებს უკრაინაში დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის. ვიდეოში რაღაცები არის, ამ საქმეზე საუბრები, მაგრამ ავთენტური არ არის. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ არ უნდა ილაპარაკო, რადგან არ დააშინო ჟურნალისტები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უნდა ვისაუბრო ყველაფერზე, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, რომ საფრთხე ავაცილო თანამშრომლებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.