იტალიის თასის ფინალმა უმაყურებლოდ ჩაიარა, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ნეაპოლის ქუჩებში დიდი ზეიმი მოეწყო.
„ნაპოლი“ ტიტულებს არც ისე შეჩვეულია და მითუფრო, როდესაც „იუვენტუსს“ ამარცხებს, ტიფოზების სახლში გამოკეტვა პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა. ასე იყო გუშინაც, როდესაც ათასობით ნეაპოლელი ქალაქის ცენტალურ ქუჩებში გავიდნენ და მთელი ღამე აღნიშნავდნენ იტალიის თასის მოგებას.
პეტარდები, დროშები, შეძახილები, სიმღერები და რაც მთავარია, არანაირი სოციალური დისტანცია. კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაცია დაირღვა.
„ნაპოლის“ ფანების საქციელი დაგმო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დიერექტორის მოადგილემ რანიერი გუერამ და მათ უვარგისი ტიფოზები უწოდა.
„უვარგისი ტიფოზები! საბედნიეროდ ეს მოხდა ნეაპოლში, სადაც ვირუსის შემთხვევები უფრო დაბალია, ვიდრე სხვაგან. მტკივნეულია ამ სურათების ნახვა, მახსოვს რა მოხდა „ატალანტას“ თამაშის შემდეგ, როდესაც ლომბარდიაში ვირუსი გავრცელდა. არ მინდა ახლაც იგივე განმეორდეს“, - თქვა გუერამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა და იტალიის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.