ბორის ჯონსონმა ისტორიული ძეგლების დემონტაჟს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა

ბორის ჯონსონმა ისტორიული ძეგლების დემონტაჟს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა

დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისტორიული ძეგლების დემონტაჟს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„ჩერჩილის ძეგლი მუდამ გვახსენებს, რა წვლილი შეიტანა მან ფაშიზმისა და რასიზმისგან ამ ქვეყნისა და მთელი ევროპის გადარჩენაში. აბსურდული და სამარცხვინოა, რომ ამ ძეგლს დღეს შეიძლება მოძალადე დემონსტრანტები დაესხნენ თავს. დიახ, ჩერჩილის ზოგიერთი გამონათქვამი დღევანდელი გადასახედიდან ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ის გმირი იყო და სრულად იმსახურებს ამ ძეგლს“, - დაწერა ჯონსონმა.

მისივე თქმით, წინა თაობების მიერ აღმართული ძეგლები წარსულისა და ყველა შეცდომის შესახებ გვახსენებს, მათი დემონტაჟი კი ისტორიის შეცვლის მცდელობა იქნებოდა, რაც უბრალოდ შეუძლებელია.

მანამდე ბორის ჯონსონმა ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უინსტონ ჩერჩილის ძეგლის წაბილწვა დაგმო. აქციის მონაწილეებმა ქანდაკებაზე შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: „ის რასისტი იყო“ და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

11 ივნისს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.