ჯორჯ ჰარისონის ქურთუკი აუქციონზე გაიყიდა

ჯორჯ ჰარისონის ქურთუკი აუქციონზე გაიყიდა

რამდენიმე დღის წინ ლონდონის „ბონემსის“ აუქციონზე მორიგი ვაჭრობა გაიმართა.

აუქციონზე დამსწრეთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ჯგუფი „The Beatles”-ის წევრის, ჯორჯ ჰარისონის ძველი ტყავის ქურთუკი სარგებლობდა. ის ჯგუფის უცნობმა თაყვანისმცემელმა 178. 4 ათას დოლარად შეიძინა.

ეს ქურთუკი ჰარისონმა 1960 წელს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იყიდა. ამ სამოსით სცენაზე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოდიოდა.

საინტერესოა რომ ამავე აუქციონზე ჰარისონის ნაქონი ტყავის ჩექმები 99 ათას დოლარად გაიყიდა.

ზემოთდასახელებული ნივთების გარდა, აუქციონზე გამოტანილი გახლდათ პოლ მაკარტნის სიჭაბუკისდროინდელი გიტარაც. ამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე ახალგაზრდა პოლი „The Beatles”-ის ჩამოყალიბებამდე უკრავდა. გიტარა აზიური წარმოშობის უცნობმა პიროვნებამ 69.9 ათას დოლარად შეიძინა.