ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს 100 მილიონ დოლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ France 24 იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სპორტსმენი თანხას სხვადასხვა ორგანიზაციას 10 წლის განმავლობაში გადასცემს. ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური აქციაა.
რამდენიმე დღის წინ ჯორდანმა განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ძალიან წუხს და გაბრაზებულია.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.