მადაგასკარის განათლების მინისტრს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსები დაერიგებინა, - ამის შესახებ BBC წერს.
რიჯასოა ანდრიამანანამ იქამდე განაცხადა, რომ თითო მოსწავლისთვის 3 ჩუპაჩუპსი უნდა დაერიგებინათ, რადგან კორონავირუსის „წამალი“, რომელსაც კუნძულის მცხოვრებლებს ურიგებენ, მწარეა. ამიტომ, მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, ეს გემო ტკბილეულით დაებალანსებინათ.
ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს მადაგასკარმა არაერთხელ მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება: ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში კორონავირუსის წამალი გამოიგონეს, თუმცა მსოფლიო მას სკეპტიკურად მოეკიდა. ენდრი რაჟოელინას თქმით, მსგავსი ხსნარის გამოშვება ევროპულ ქვეყანას რომ დაეწყო, მის მიმართ ასეთ სკეპტიციზმს არ გამოიჩენდნენ. მადაგასკარის ლიდერის განმარტებით, სითხე არტემიისგან არის ნაწარმოები, მცენარისგან, რომელსაც ანტიმალარიული თვისებები აქვს. რაჟოელინა ირწმუნება, რომ წამალი პაციენტს 10 დღეში კურნავს. ტონიკი სახელწოდებით Covid-Organics არტემიზისგან მზადდება. ეს მცენარე შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც მალარიის მკურნალობისას გამოიყენება. მადაგასკარზე პრეპარატი 20-ზე ნაკლებ ადამიანზე, 3 კვირის განმავლობაში გამოსცადეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ორი ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, მადაგასკარზე კორონავირუსის 1 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა, თუმცა მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის სუსტი სისტემის გამო, ეჭვს იწვევს და ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის სათანადოდ გამოკვლევა და შემთხვევათა აღწერა ვერ ხერხდება.