ესპანეთის 2019-2020 წლების სეზონის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 8 მარტის შემდეგ შეწყვეტილია, 17 ივნისიდან, 30 ივნისის ჩათვლით, ვალენსიაში გაიმართება. ჩემპიონი 12 საუკეთესო გუნდიდან გამოვლინდება.
ესპანეთის ჩემპიონატში 3 ქართველი ასპარეზობს: თორნიკე შენგელია (ბასკონია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე) და ბექა ბურჯანაძე (გრან კანარია).
მინი-ტურნირი ვალენსიაში გაიმართება, რომელშიც 8 მარტის ჩათვლით არსებული მდგომარეობით, ესპანეთის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ ლიდერი 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი
ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუდი
B ჯგუფი
რეალი, სარაგოსა, ანდორა, ვალენსია, ბურგოსი, გრან კანარია
ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, რის შემდეგაც, თითოეულიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა.
ფინალში გასასვლელად გუნდები ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან: A1-B2, B1-A2.
ნახევარფინალებიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.