ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს კოლეჯში სწავლის საფასური გადაუხადა. ამის შესახებ ABC News იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპერმა ჯორჯ ფლოიდისა და იმ აფროამერიკელების ოჯახებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.