სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მთაწმინდასა და ლისის ტბაზე ხეები მასობრივად ხმება. კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მსგავსი სიტუაცია დედაქალაქის არაერთ უბანშია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების 90%-ის გახმობის მიზეზი ძირითადად ხეების რესურსის ამოწურვაა, ვინაიდან ხელოვნურად გაშენებული ფიჭვების სიცოცხლისუნარიანობა 50-60 წელია. მცირე დაავადებასაც ვერ უმკლავდება ამ ასაკის ხე.
აღსანიშნავია, რომ შავი ფიჭვი თავისი ბუნებრივი გავრცელების არეალში 300-დან 500 წლამდე ცოცხლობს, დედაქალაქში გახმობა კი ამ სახეობის ფიჭვებმა ძალიან ადრე დაიწყეს.
ეკოლოგი კახა ბახტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ზოგადად, ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს თბილისის გარშემო, რაც წიწვოვანი ხეების დაავადებით აიხსნება. თუმცა ხშირია ფაქტები, როდესაც ადამიანები ამას ბოროტად იყენებენ და ხელოვნურად ანადგურებენ ხეებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს ცალკეული შემთხვევების შესწავლა, ფიტოსანიტარული კვლევები უნდა ჩატარდეს და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, რეალურად რა ხდება. ეს ყველაფერი თბილისის მერიის პრეროგატივაა, რადგან თბილისის ხეებზე პასუხისმგებელი თბილისის მერიაა. ამას გარდა, არის მეორე სამსახური - ეკოსერვისი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ.
ეკოლოგის განმარტებით, გამხმარი ხეების ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მუშაობდა მსოფლიო ველური ბუნების ფონდი. მათი რეკომენდაცია იყო, რომ ფიჭვნარი და წიწვოვანი ხე-მცენარეები, რომელთა დარგვაც საქართველოში აქტიურად ხდებოდა და, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგად მოწყვლადნი აღმოჩნდნენ, ბევრი დაავადება უჩნდებოდათ, ადგილობრივი სახეობებით, ანუ ფოთლოვანი მცენარეებით ჩანაცვლებულიყო.
„თუ დააკვირდებით, წყნეთში, იქ, სადაც ხმება წიწვოვანი მცენარეები, თავისით, ბუნებრივად ამოდის ფოთლოვანი მცენარეები, ანუ ფოთლოვანები თვითონვე ანაცვლებენ წიწვოვანებს, ისინი უფრო მედეგნი არიან დაავადებების და კლიმატური ფაქტორების მიმართ. თუმცა არის ბევრი ფაქტი, როცა წიწვოვანებს ძალითაც ახმობენ, რათა სასურველი ტერიტორიის განაშენიანება მოახდინონ. ამიტომ თბილისის შიდა ტყეებს ბოლომდე უნდა მიენიჭოს ტყის სტატუსი და უნდა იყოს მკაცრად დაცული“,- აცხადებს კახა ბახტაძე.
მისივე განმარტებით, ლისის ტბის გარშემოც, წყნეთის გარშემოც, მთაწმინდაზეც, ყველგან მსგავსი სიტუაციაა. რამდენჯერმე სცადეს ბრძოლა და მულტშეწამვლა ამ ტერიტორიების, მაგრამ ამაოდ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზეც მთლიანად გახმა ფიჭვის ხეები. დაავადება ძალიან აზიანებს ამ მცენარეებს და ვერ ვიტყვით, ვიღაცამ ძალით დააზიანა. თუმცა კერძო შემთხვევებიც არის, როცა განგებ აზიანებენ, ძირი აქვთ ხეებს გამომწვარი, ან ისეთ ნივთიერებებს უსხამენ, რომ ხის გახმობა გამოიწვიონ იმ მიზნით, რომ შემდეგ გამოიყენონ ეს ტერიტორიები.
მისივე თქმით, წიწვოვანი გაზრდილი მცენარეებიც არ გამოიყურება ჯანსაღად, ანუ თავიდანვე წიწვოვანები პრობლემური მცენარეებია. თავის დროზე მათი განაშენიანება იმით იყო განპირობებული, რომ წიწვოვანები სწრაფად მზარდი იყო, სწრაფი ეფექტის მიღება უნდოდათ, მაგრამ ძალიან ბევრი წიწვოვანი დაიღუპა, დაავადებულები მოჭრეს, რათა სხვა მცენარეს არ გადასდებოდა დაავადება.
„თბილისის მერიამ კვლევა ჩაატარა, მათ ბოტანიკურ ბაღთან ერთად იმუშავეს და შეარჩიეს სხვადასხვა სახეობები. საუბარია თბილისში ფოთლოვანი სახეობების შემოტანაზე, რომელიც მდგრადი იქნება სწორედ ბუნებრივი გარემოს გამოწვევების მიმართ“.
ეკოლოგი ნუგზარ სულამანიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხეების გახმობა ხშირად უკავშირდება მავნებლებს. ერთი პერიოდი, მუხები იმერეთში ხმებოდა სწორედ დაავადებების გამო.
„ვფიქრობ, ხეების გახმობა მავნებლების მიზეზითაა. ხელოვნური ჩარევა მეეჭვება. ქალაქში ასეთი რამ იშვიათად ხდება. ეს უფრო სოფელში იციან, ერთ-ორ ხეს გაუხმობენ ხოლმე ვიღაცას“.