მსახიობ ნინო ჩხეიძეს ერთი უჩვეულო ისტორიის გახსენება ხშირად უყვარს:
“მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა “ეზოში ავი ძაღლია”. პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში.
ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.
მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.
ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.
ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი - სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.
მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!
ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა - რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.
გივიმ კი “იმარჯვა”. ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი “ხულიგნობის” ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე.”