ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის კოორდინატორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters წერს.
მისივე თქმით, ესპანეთის იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი იწყება, სტადიონებზე მაყურებლების დაშვება შესაძლებელი გახდება, თუმცა ეს სპორტული თვალსაზრისით მართებული არ იქნება.
სიმონის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ონლაინ-დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობას ლა ლიგის ფეხბურთელები ჟერარ პიკე და კოკეც იღებდნენ.
ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ სტადიონებზე მაყურებლის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ ამის გაკეთება ყველა რეგიონში მოხერხდება. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი იძულებითი პაუზის შემდეგ 11 ივნისს განახლდება.