ბელგიის პრინცმა იოახიმმა ბოდიში მოიხადა ესპანეთში დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით წვეულებაში მონაწილეობისთვის, რომლის დროსაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„ვნანობ ჩემს საქციელს და მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს გაუაზრებელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს“, - აცხადებს პრინცი.
ბელგიის მეფის, ფილიპეს 28 წლის ძმისშვილი იოახიმი 26 მაისს, ესპანეთის ქალაქ კორდობაში წვეულებაზე გაემგზავრა და სწორედ იქ დაინფიცირდა. ესპანური მედიის ცნობით, წვეულებაზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 15-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს. წვეულების ყველა მონაწილეს 10 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.