ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას

„ნიკა მელიასგან დღეს ამ სტუდიაში  მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,"-განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2"-ის ეთერში.

რაც შეეხება  მოხელეებს და  რიგით მოსამართლეებს,  ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისინი იყვნენ მხოლოდ დავალების შემსრულებლები.

„სასამართლოსთან დაკავშირებით უნდა მიგვეღო ორიდან ერთ-ერთი ალტერნატიული გადაწყვეტილება. კერძოდ,  ან მთლიანი წმენდა უნდა განხორციელებულიყო, ან  უნდა დაგვეტოვებინა ის კორპუსი, მაგრამ შინაარსობრივად შეგვეცვალა სასამართლო სისტემა. სენატორი რიში, NGO-ები და ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ, რომ არავითარ შეთხვევაში არ უნდა განხორციელებულიყო  საკადრო არსებითი გადაადგილებები სასამართლოში. მივიღეთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს.  ის, ვინც დღეს აკრიტიკებს ამ მოცემულობას, თავის დროზე მათ მოითხოვეს ამ მოცემულობის დატოვება. ეს არის პარადოქსი.  დღეს ნიკა მელია, რომელიც იყო იმ კრიმინალური სისტემის წარმომადგენელი და  3 ინსტანციის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებულია კრიმინალად, რომელიც აკოტრებდა კომერციულ ბანკს, საუბრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც ის მართავდა, როგორც კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​