„არის ეჭვი, რომ ნოვოსიბირსკის ლაბორატორიაში მოხდა აფეთქება და იქიდან გაიპარა კორონავირუსი, მაგრამ არავინ აბრალებს ამას რუსეთს“

„არის ეჭვი, რომ ნოვოსიბირსკის ლაბორატორიაში მოხდა აფეთქება და იქიდან გაიპარა კორონავირუსი, მაგრამ არავინ აბრალებს ამას რუსეთს“

რუსეთს კვლავაც აღელვებს რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის არსებობა საქართველოში და ექსპერტების დაშვებას ითხოვს. მათი შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვართან ახლოს. რუსების მტკიცებით, ლუგარში ექსპერტთა დაშვება ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მოითხოვეს, თუმცა ქართულმა მხარემ ამ დრომდე პასუხი არ გასცა.

ქართველ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა სათანადოდ ვერ გაართვა თავი კოვიდთან ბრძოლას და საკუთარი მარცხის მიზეზებს საზღვრებს გარეთ ეძებს.

მართალია, თავად რუსეთმა თქვა უარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ლუგარის ლაბორატორიაში შესვლაზე, როდესაც ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჰყავდათ მოწვეული, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ მზადაა, რუსების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს და ისინი კვლავაც დაპატიჟოს ჩვენს ქვეყანაში.

„თეთრი შური, იცით, რა არის?!“ - ასე პასუხობს ამირან გამყრელიძე რუსეთის მხრიდან ლუგართან დაკავშირებულ სპეკულაციას. მისი თქმით, იმ ინფექციების კვლევა, რომლისთვისაც საქართველო რუსეთს მიმართავდა, ახლა დამოუკიდებლად, ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, რუსეთი ექსკლუზიურ უფლებას ითხოვს, „მარტო შევიდნენ და შეყონ ცხვირი ლუგარის ლაბორატორიაში“. თუ მათ ეს სურთ, მაშინ ჩაგვატარებინონ ინსპექტირება პუტინის კაბინეტში, სადაც ატომური ბომბი დევს და დევს ჩანთა, სადაც წითელი ღილაკია და შეიძლება ერთი ხელის დაჭერით მსოფლიო ააფეთქოს.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის ექსკლუზიური დაშვება კაპიტულაცია იქნება და საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, რომ ამ ფორმით აშანტაჟებს საქართველოს რუსეთი.

იქნება თუ არა კაპიტულაცია, რუსეთი შევუშვათ ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ბიოსამედიცინო სფეროში საუკეთესო ბაზა და მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიაა?!

ანალიტიკოსი, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე არ ეთანხმება რომან გოცირიძეს და მიიჩნევს, რომ ჩვენმა ოპოზიციამ რეალურად ძალიან კარგად იცის ამ ლაბორატორიის ისტორიაც, დანიშნულებაც და ისიც, რამდენად სერიოზულ საფრთხეს შეიცავს რუსეთის მხრიდან ამ თემის მუდმივი აჟიტირება, მათ შორის, მცირერიცხოვანი მხარდამჭერების მეშვეობით, რომლებიც მხარს უბამენ ხოლმე ამ ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილ ხმაურს.

ანალიტიკოსის თქმით, შარშან და შარშანწინაც გვახსოვს უამრავი პუბლიკაცია, აქციები, გამოხტომები პრორუსული ჯგუფების მხრიდან, ასევე, გვახსოვს წლების განმავლობაში მაღალ დონეზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები. ამიტომ ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ ეს თემა არ არის შიდა საკინკლაო საკითხი. პირიქით, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დღეს ერთ ხმაზე უნდა საუბრობდეს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს.

„ეს არანაირი კაპიტულაცია არ არის. პირველად არ ხდება, როცა საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას იმისთვის, რომ, როგორც რუსეთის, ასევე, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები სრულიად ღიად დაშვებულ იქნან ამ ლაბორატორიაში. რას ნიშნავს ამ ლაბორატორიაში მარტო შესვლა? ესეც ხომ ის თემა არ არის, როდესაც პუტინთან მოლაპარაკებებზე იყო საუბარი ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის დროს, მუდმივად ხდებოდა აჟიტირება, რომ რუსეთთან მარტო არ უნდა დავსხდეთ სალაპარაკოდ. ლუგარის ლაბორატორიაში მარტო როგორ შევლენ რუსები? ჩვენი სპეციალისტების გარეშე ხომ ვერ შევლენ? მესმის პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის, მესმის წინასაარჩევნო მარათონი, მაგრამ მე ამას ვუყურებ სუფთა უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე. საფრთხეებს აცილება სჭირდება. როცა ვხედავთ, რომ რუსეთი ამ თემას წლების განმავლობაში იქ მყოფი ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკების, იგორ გიორგაძის და სხვების დახმარებით აჟღერებს, როდესაც გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკმაოდ ხშირად წამოიჭრა ეს საკითხი, რუსებს უნდა დავრთოთ ლაბორატორიაში შესვლის ნება“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ამირან სალუქვაძე.

მისივე მოსაზრებით, სულ ახლახანს, ამ პანდემიის ფონზე შემთხვევით არ გახმიანებულა ჩინეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ანალოგიური განცხადება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკის ბიოლოგიური ლაბორატორიები მეზობელი ქვეყნებისთვის რისკს ქმნის. ეს უნისონშია რუსეთის პოლიტიკასთან ამ კუთხით, თუმცა ჩინეთისგან ასეთი განცხადება ცოტა გასაკვირია. ამდენად, ქართულ მხარეს თავისუფლად შეუძლია, ლუგარის ლაბორატორიაში ჩინეთი და რუსეთი ერთად დაპატიჟოს.

„არა მგონია, რუსეთს იმის პრობლემა ჰქონდეს, მაინცდამაინც მარტო შევიდეს ლუგარის ლაბორატორიაში. პირველ რიგში, რუსეთის ინტერესშიცაა, რომ მარტო არ შევიდნენ ამ ლაბორატორიაში, ისინი თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დაათვალიერონ ლუგარის სახელობის ლაბორატორია და, თუ რაიმე ისეთს აღმოაჩენენ, რაც „საფრთხეს“ უქმნის კაცობრიობას, მათ ეყოლებათ მოწმეები საერთაშორისო დამკვირვებლების სახით. ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას და ეს არ იყოს მუდმივად ახალი კონფლიქტის გაჩაღების საგანი. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ თემის გამო შესაძლოა სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას, ამას ყველა უნდა აცნობიერებდეს, ყველანი საქართველოს შვილები ვართ“, - დასძენს ამირან სალუქვაძე, რომლის განმარტებითაც, სხვათა შორის, ლუგარის ტიპის ლაბორატორია რუსეთს ყველა ოლქში აქვს.

კერძოდ, რუსეთის 85 ოლქში 85 ლაბორატორიაა მოწყობილი, ანუ მხოლოდ „როსპოტრებნადზორის“ სამსახურში არის 85 ლაბორატორია. ამას ემატება რუსეთის ჯანდაცვის სისტემაში არსებული ლაბორატორიები, თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიები, რომელთაგანაც ბევრი გასაიდუმლოებული იქნება და ნოვოსიბირსკის ცნობილი ლაბორატორია, სადაც დღემდე მიმდინარეობს კვლევები. მით უმეტეს, არის ეჭვი, რომ სწორედ ნოვოსიბირსკში მოხდა აფეთქება და იქიდან გაიპარა კორონავირუსი, მაგრამ არავინ აბრალებს ამას რუსეთს, არ ვუჩივით და შემოწმებას არ ვითხოვთ.

ანალიტიკოსის თქმით, ასეთივე რამდენიმე ლაბორატორია გაკეთდა უკრაინაშიც, ასევე, ჩვენს სამეზობლოში აზერბაიჯანში, სომხეთში და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში - ყაზახეთში, ყირგიზეთში, ანუ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ეს ლაბორატორიები და რატომღაც რუსებს მხოლოდ საქართველო ესობათ გულზე. ამაში იმალება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო პოლიტიკური მიზნებიც და ეს საფრთხეა.

„ჩვენ ბიოლოგიურ იარაღს არ ვაწარმოებთ, არ არის არც მაგის რესურსები, არც მეცნიერება, ამერიკელები არ მართავენ ამ ლაბორატორიას და ეს ცრუ ბრალდებაა. ლუგარის სახელი დავარქვით ამ ლაბორატორიას, რადგან სენატორების - ლუგარისა და ნანის ინიციატივით იყო ეს პროგრამა. მართლაც სერიოზული სამეცნიერო ცენტრი გაკეთდა ჩვენი ქვეყანისთვის და დავინახეთ სარგებელი, ადამიანთა სიცოცხლეები შეინარჩუნა ამ ლაბორატორიამ, რომელიც საქართველოში რომ არ ყოფილიყო, რა შედეგს მივიღებდით? სად უნდა გაგვეგზავნა ტესტები შესამოწმებლად - ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში? ვინ დაგვეხმარებოდა? ვერავინ“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

Katana . ბოლო მონაცემებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ ეპიდემია ნამდვილად გავრცელდა ღამურებიდან, მაგრამ არ გავრცელებულა უჰანის იმ ბაზრობიდან, რომელზეც იყო თავდაპირველი ეჭვი, არამედ იმავე რეგიონის რომელიღაც სხვა ადგილიდან...
4 წლის უკან