ზოგს თვითკმაყოფილი მოეჩვენა პრემიერი, ზოგსაც აკადემიური, მაგრამ იგრძნობოდა, პარლამენტში მისულმა გიორგი გახარიამ ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა და შერბილებული ტონით საუბარი შეძლო.
გახარიას გამოსვლისას ერთმანეთს ენაცვლებოდა დადებითი და უარყოფითი შეფასებები: „იდეალური კრიზისმენეჯერი ხართ“, „პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი“, „მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ტყვიები დაუშინოთ“.
რა მიიტანა და რა წამოიღო პარალმენტიდან გიორგი გახარიამ, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.
გამოითქმის ვარაუდი, რომ პოპულარული გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს და მის ჩანაცვლებას აპირებენ. თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, შესაძლოა, ეს ყოფილიყო გახარიას ბოლო ანგარიში პარლამენტში? შეინარჩუნებს ის თანამდებობას?
- გიორგი გახარიას პოპულარობას რაც შეეხება, არა მგონია, იმის გამო, რომ გახარიას პოპულარობა მატულობს, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. თუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ჰყავდეს არაპოპულარული პრემიერ-მინისტრი, ეს მომგებიანი პოზიცია არ იქნება. ვისაც დანიშნავენ პრემიერად, ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, მინიმუმ, არჩევნებამდე გახარიას არ შეეხებიან. რატომ უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც სერიოზულ კრიზისს თავის გუნდთან ერთად თავი გაართვა? დღეს მუდმივად ხდება ხაზგასმა, რომ აქ მხოლოდ ექიმების დამსახურებაა. თუ კარგად ვერკვევით სახელმწიფო აპარატის მუშაობაში, ანუ იმაში, სახელმწიფო მანქანას რასაც ეძახიან, მხოლოდ ექიმები ამ ყველაფერს თავს ვერ გაართმევდნენ. ყველაფერი სწორად გაკეთდა, დაწყებული ადამიანების ნაკადების მართვიდან, დამთავრებული საკარანტინე ზონებიდან, კონკრეტული რეგიონების დახურვიდან.
მარნეული დაიხურა პირველად და ბევრს ეს გაუკვირდა, ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, რაიონი მთლიანად დაეკეტოთ, შემდეგ დაკეტეს მეორე რაიონი, ეს გაბედული ნაბიჯი იყო. ჩვენ ჩინეთს ვაკვირდებოდით, უჰანის რაიონი როცა დაიხურა, როგორი მასშტაბური ღონისძიებები ხორციელდებოდა, ჩვენ ასე მასშტაბურად არ გვიმოქმედია მარნეულში, მაგრამ მთავრობამ ამ კრიზისის დროს სერიოზულად იმუშავა და, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს არჩევნების წინ ამ დივიდენდების გაბათილებას, ეს წამგებიანი იქნება.
ოპოზიციის მხრიდან გამუდმებით გვესმის, რომ გახარია არსებულ პროცესებს ვერ აკონტროლებს და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ჰყავს თუ არა ქვეყანას პატრონი და როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში?
- გახარიას გამოსვლა პარლამენტში ერთ-ერთი კვალიფიური გამოსვლა იყო. ვთვლი, რომ მისი ოპონენტები ამით საკმაოდ წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ. რაც შეეხება კრიზისის მართვას, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს, საკმაოდ ფართო სპექტრი იყო ჯერ მოხსენებაში განხილული, შემდეგ 50 თუ მეტი კითხვა დაუსვეს, რომელიც ყველა სფეროს ეხებოდა. კითხვების შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა პრემიერმა. ბევრი ინფორმაცია მივიღეთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო - კრიზისისთვის თავის გართმევა, ტესტებთან დაკავშირებით კითხვები. ამ გამოსვლამდე არ ვიცოდი, რომ „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 70-დან 2500-მდეა ამ მოკლე ვადაში გაზრდილი და ეს საკმაოდ სერიოზულია ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე. იგეგმება ათი ათასამდე ავიდეს ეს ტესტები იმ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ტურისტული სეზონი უნდა გაიხსნას. რა თქმა უნდა, კითხვები არის თუნდაც იმავე დახმარებებთან დაკავშირებით. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის დროს, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილები, მხოლოდ მათ არ უნდა შეხებოდათ დახმარება, ანუ კრიზისი მანამდე დაიწყო. არის კომპანიები, რომლებმაც გარკვეული პერიოდი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, გადაუხადეს ადამიანებს ხელფასები. გამოდის, რომ კომპანიამ, რომელმაც 1 და 2 თვე გადაუხადა თანამშრომელს თანხა და შემდეგ კრიზისის გამო დაითხოვა თანამშრომელი, მას აღარ უნდა შეხებოდა დახმარება? თუმცა კარგია, რომ ესეც გასწორდა და ყველა, ვინც ივნისის ჩათვლით დაკარგა სამსახური, დახმარებებს მიიღებს. მთლიანობაში, დამაჯერებელი გამოსვლა იყო. პირადად მე დამაინტერესა დეველოპმენტის მხარდამჭერმა ინიციატივებმა, ეს შესასწავლი თემაა, რადგან ეხება ადამიანებს, რომელთაც იპოთეკური სესხები აქვთ, ასევე, ეხება თავად მშენებლებს. საინტერესოა, ეს თემა როგორ აისახება სამშენებლო ბიზნესზე. იყო სხვა საკითხებიც.
მაგალითად, ახალი გავიგეთ ისიც, რომ თურმე ფარცხალაძეს ჯარიმა გადაუხდია.
- რა თქმა უნდა, ყოფილი გენერალური პროკურორი არ უნდა არღვევდეს საყოველთაო წესებს, მაგრამ, თუ რეალურად დაჯარიმებულია, ამის დამოწმება შეუძლია ოპოზიციას. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახლანდელი კომუნიკაცია პრემიერსა და პარლამენტარებს შორის, ვგულისხმობ ოპოზიციონერ დეპუტატებს, წინამორბედ გამოსვლებთან შედარებით საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ორ-სამ გამოსვლას თუ არ ჩავთვლით, შეურაცხყოფა და აგრესიული ბრალდებები არ ისმოდა. სხვათა შორის, ორივე მხრიდან კარგი კითხვები დაისვა, არა მხოლოდ სახელისუფლებო ფლანგის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც იყო საინტერესო კითხვები. იმ კითხვებს შეიძლება დაეთანხმოს ადამიანი, ან არ დაეთანხმოს, მაგრამ მოსახლეობისთვის, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს, ეს გამოსვლა საინტერესო იყო.
ფიქრობთ, რომ ის სიხისტე, რაც განსაკუთრებით გვახსოვს გახარიასგან 20 ივნისის შემდეგ, დაკარგული იყო?
- ორივე მხრიდან ჩანდა ნაკლები სიხისტე. გახარიას მხრიდან უფრო მეტად ჩანდა ეს და, ასევე, ოპოზიციის მხრიდანაც სერიოზული დაძაბულობა ვერ ვიგრძენი.
ის, რომ არც გახარია იყო მაინცდამაინც ხისტი და არც ოპოზიცია იჩენდა სიხისტეს, ეს ერთგვარად გამოსამშვიდობებელ საღამოს ხომ არ ჰგავდა გახარიასთან მიმართებით?
- თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრემიერ გახარიას მალე ვეღარ იხილავენ და ამიტომაც დაინდეს, ე.ი. გამოდის, რომ, პირიქით, მას უფრთხილდებიან, რომ გახარია დიდხანს იყოს ამ პოსტზე. მუდმივად ვრცელდება კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია, თუ ვის დანიშნავენ პრემიერად, ეს „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოა. მე ვთვლი, რომ დღეს გახარია საკმაოდ პოპულარულია ხალხში.
ამაში მას დაეხმარა კორონაპერიოდიც და შემთხვევითი არაა, რომ კრიზისმენეჯერის ტერმინიც დამკვიდრდა გახარიასთან მიმართებით.
- მართვის უნარები რომ დავინახოთ, კრიზისი უნდა შეიქმნას. ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ დეტალებს ვერ ხედავენ მოქალაქეები, ამ დეტალებს ხედავენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც პრემიერთან მუდმივად მუშაობენ, მაგრამ კრიზისმენეჯერის თვისებები გამოჩნდა მაშინ, როცა ასეთ განსაცდელში ჩავარდა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც, განსაკუთრებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა არ ვიცოდით, რა ხდებოდა და ცუდი მოლოდინი გვქონდა. 12 გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს ვუთანაგრძნობ. არ მიყვარს, როცა ასაკს უკავშირებენ თანმდევ ავადმყოფობებს. თუ ადამიანს შეეძლო კორონას გარეშე ერთი დღით მაინც მეტხანს ეცოცხლა და კორონამ ერთი დღით ადრე დააჩქარა მისი გარდაცვალება, მე ვთვლი, რომ იგი სწორედ კორონამ შეიწირა. საქართველოში პირველი ადამიანი როდესაც გარდაიცვალა, ჩემთვის უკვე უინტერესო გახდა სტატისტიკა, რადგან ერთი გარდაცვალება იყო, თუ ათი, ის ერთი თავისი ოჯახისთვის ყველაფერი იყო. ამ დანაკარგის მიუხედავად, დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, ვერ შეამჩნიოს, როგორ გამოვედით კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელება არ დასრულებულა, არავინ იცის, ხვალ ეს როგორ შემოტრიალდება და როგორ გავრცელდება, ტურიზმიც რომ დავკეტოთ, მოსახლეობას ვერ ჩავკეტავთ მუდმივად ქვეყანაში, მაინც მოგვიწევს მოძრაობა, ემიგრანტები მიდიან და მოდიან, მივლინებებია. „პისიარ“ ტესებშიც, რომელსაც ოქროს სტანდარტს უწოდებენ და ყველაზე ზუსტ ტესტებად ითვლება, არის 2-3%-იანი ცთომილება. ეს ნიშნავს, რომ 100-დან 2 ადამიანში შეიძლება ეს ვირუსი გაიპაროს, ანუ შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი კოვიდპასპორტით, სიცხე გაუზომონ და შეამოწმონ, მაგრამ გაიპაროს ვირუსის რაღაც პროცენტი და შემდეგ დაიწყოს მისი გავრცელება. ტურიზმის გახსნა მნიშვნელოვანი სეგმენტია, ტურიზმი მარტო ის არ არის, ჩამოვიდეს ადამიანი, დაისვენოს და წავიდეს. ეს სფერო მიბმულია სხვა უზარმაზარ სეგმენტებთან, ტურისტებს კვება, სასტუმროს უზრუნველყოფა სჭირდებათ, ბევრ ადამიანს ასაქმებს ერთი ტურისტი.