მიკროავტობუსებში შესაძლოა მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

მიკროავტობუსებში შესაძლოა მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

„მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა აიკრძალოს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ახალი დავალებაა, რომ შეიძლება საჭირო გახდეს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაივსოს.

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.