მეუფე ნიკოლოზი ტყის გადაცემაზე: შეიძლება იყოს გადაცდომები, ვიღაცამ მართლა აგარაკი გააკეთოს

მეუფე ნიკოლოზი ტყის გადაცემაზე: შეიძლება იყოს გადაცდომები, ვიღაცამ მართლა აგარაკი გააკეთოს

ეს გადაწყვეტილება ტყეს შეგვანარჩუნებინებს, - ასე ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის დამტკიცებას.

მისივე თქმით, ტყის მოვლაში მათ მრევლი დაეხმარება. თუმცა „შეიძლება იყოს ასეთი გადაცდომები, რომ ვიღაცამ მართლა აგარაკი გააკეთოს".

„ეს ტყისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილებაა. რაც ტყეს შეგვინარჩუნებს, რადგან სასულიერო პირი მის ჩეხვას არ დაიწყებს. პირიქით, მოუვლის. მონასტერი 20 ჰექტრის მოვლას გაწვდება. მისი მოვლა შრომაა. ადვილი არ არის, მაგრამ შეძლებენ.

ადამიანს მონასტერში უშვებენ და რა თქმა უნდა, ტყეშიც შეუშვებენ. ოღონდ არ შეუშვებენ იმას, ვინც ტყეს დააზიანებს,"- ამბობს მეუფე.

მისვე თქმით, კანონს საზოგადოების ის ნაწილი ეწინააღმდეგება, ვინც ტყეს აჩანაგებს. ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის ჩასაფრებულია. ისინი ეკლესიის მიმართ ნეგატიურად განწყობილები არიან.

თითოეულ მონასტერს მრევლი ეხმარება. ჩვენს ტყეში, რომ გაივლი ნაგვითაა სავსე. გული გაგისკდება, რომ ნახო რამდენი ნაგავი ყრია.

მთავარი ის არის, რომ ტყის კოდექსი არ იცვლება. ეკლესიისთვის მისი გადაცემა სტატუსის შეცვლას არ ნიშნავს. რა უნდა ააშენონ? ტყე კი არა სოფლებია დაცარიელებული.

ტყეში ცხოვრება ვის მოუნდება. თუ ვინმე იცხოვრებს ამაზე უკეთესი, რა უნდა იყოს. საცხოვრებელ აგარაკებად ხომ არ გაყიდიან ამ ტყეს? მიხედავენ...

შეიძლება იყოს ასეთი გადაცდომები, რომ ვიღაცამ მართლა აგარაკი გააკეთოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის ტყის მასივები, რომლებიც არსებობს საქართველოში, მოვლას ნამდვილად საჭიროებს.

მე დიდი იმედი მაქვს რომ ეკლესია უპატრონობს. ასევე ეკლესია არ თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. თუ ვინმე რამეს დააშავებს პასუხს აგებს,"- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.