„თეთრი სახლი არ დაუშვებდა ჩინეთის პრეტენზიას მსოფლიო ჰეგემონიაზე და პროექტი „ჩინეთი - მსოფლიო ფაბრიკა“ დახურა“

„თეთრი სახლი არ დაუშვებდა ჩინეთის პრეტენზიას მსოფლიო ჰეგემონიაზე და პროექტი „ჩინეთი - მსოფლიო ფაბრიკა“ დახურა“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ირაკლი გოგავას შეფასებით, ჩინეთში ხვდებიან, რომ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ჩინეთის ეკონომიკა და სავაჭრო დიდება შეაჩეროს, რისი პირველი ფაზა მან უკვე შეასრულა: გავიდა წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან; ჩინეთთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი; ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნა 12 000 ქარხანა. „დროა, ქართულმა დიპლომატიამ ფხა გამოაჩინოს და მზად ჰქონდეს რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის საკუთარი მოდელი, სადაც ყველა ძირითადი მოთამაშის ინტერესი გათვალისწინებული იქნება და, პირველ რიგში, - საქართველოს“, - ამბობს გოგავა

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

მსოფლიოში პანდემიის ფონზე, სიტუაცია პოლიტიკურადაც იძაბება. კეთდება შეფასებიც, რომ რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მესამე მსოფლიო ომზე უარესია. აშშ COVID–19 გავრცელებაში ჩინეთს ადანაშაულებს. რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების მიერ ბიოლოგიური იარაღზე მუშაობის შედეგია და საერთოდ, შესაძლებლად თვლით, რომ ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს?

ირაკლი გოგავა: გლობალური მასშტაბით უცნაური ამბები ვითარდება ამ ვირუსის გარშემო. თავიდანვე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ე.წ. მეინსტრიმული მედიის განსაკუთრებული და საეჭვო აქტიურობის გამო. ბევრს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერში მედია აჟიოტაჟის წილი მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე თავად ვირუსის შედეგებია. ჩანს, რომ ყველა ქვეყანას მსგავსი რეკომენდაციები დაუგზავნეს ერთი ცენტრიდან და ქვყნებიც მეტ–ნაკლები გულმოდგინებით ასრულებენ გაეროს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო თითქმის ყველა ქვეყანაში კუბოების, რეანიმაციის კადრების და სხვა მსგავსი კადრების ტრიალი, სადაც ხშირად სხვა ქვეყნის კადრებსაც იყენებდნენ. თუმცა უცნაურობები ამით არ შემოიფარგლება.

რას გულისხმობთ?

– კითხვებს აჩენს ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ამ პერიოდში მოხდა: ჰარვარდის მიკრობიოლოგის ჩარლზ ლიბერის დაკავება აშშ-ში, მისი თანამშრომლობა უხანის ლაბორატორიასთან და ამ ფაქტის დამალვა სამართალდამცავებისგან, ჩინელი მიკრობიოლოგების აშშ-ს აეროპორტში 20-ზე მეტი ვირუსის შტამით დაკავება; კანადის ვინიპეგის ლაბორატორიის მიკრობიოლოგის ფრენკ პლამერის სიკვდილი კენიაში, ჩინელი მიკრობიოლოგის სიკვდილი პიტსბურგში, აშშ-ს კოსმოსური ძალების 21-ე ბრიგადის მეთაურის სიკვდილი, ისრაელში ჩინეთის ელჩის სიკვდილი.

იგივე - ფრანგი ნობელიანტის ლუკ მონტანიეს განცხადება კოვიდ-19-ის ხელოვნურობის შესახებ; ურთიერთგამომრიცხავი სამეცნიერო კვლევები ბონის უნივერსიტეტის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკის; ჰამბურგის მთავარი პათოლოგანატომის პროფესორ პოიშელის განცხადებები; სტენდფორდის უნივერსიტეტის კვლევა კალიფორნიაში და ციფრული გიგანტების: „გუგლის“, „იუთუბის“, „ფეისბუკის“, ტვიტერის“ აგრესიული პოლიტიკა კოვიდ19-თან დაკავშირებული კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

ამას ემატება ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციას უნდობლობას უცხადებს და დაფინანსებას უჩერებს. ნათელია, რომ მსოფლიოში ისეთი მასშტაბის პროცესები მიდის, რომლის მხოლოდ მწვერვალს ვხედავთ ჩვენ. პარალელურ რეჟიმში მიდის აშშ-ჩინეთის დაპირისპირება, რესპუბლიკელების და დემოკრატების, ტრამპის და ამერიკული ბიუროკრატიის, ჩინური კომკავშირის და სი ძინ პინის „პრინცების პარტიის“, ტრანს-ნაციონალური კაპიტალის და ამერიკის ნაციონალური კაპიტალის, ევროპული გლობალისტური და ამერიკული იზოლაციონისტური ელიტების, ნავთობის ლობის და კორპორაციული კაპიტალის, დიდი ფარმა, კონკურენცია ვაქცინების შექმნაზე და სხვა მრავალი.

მსგავსი რამ 1936-39 წლებში ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის წინ. ფილოსოფოსი თომას ჰობსის სიტყვებით, მიმდინარეობს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ (Bellum omnium contra omnes). ამ ყველაფერს ემატება აშშ-ს შიგნით საოცარი პოლიტიკური პოლარიზება და უკომპრომისო ბრძოლა ყველა მეთოდით. აშშ-ში 2017 წლიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი არაფორმალური სახალხო მოძრაობა „Qanon“, რომელიც სულ უფრო მეტ მიმდევარს იკრებს და ტრამპის მომხრედ მიიჩნევს თავს - მსგავსი მოძრაობა უდავოდ სერიოზული ნაღმია ოპონენტის წინააღმდეგ.

ეს ბრძოლები გაგრძელდება - კრიტიკული ფაზა კი მაშინ დაიწყება, როცა მოსახლეობის განიარაღებას, ანუ იარაღის შენახვის კანონით აკრძალვას დააპირებენ. ცნობისთვის – 330 მილიონიან ამერიკაში 500 მილიონზე მეტი იარაღი ოფიციალურად არის რეგისტრირებული.

ტრამპი ვირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და 5-თვიანი მოთხოვნის შემდეგ, ჩინეთი დაითანხმეს უხანის ლაბორატორიაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის შეშვებაზე.

ჩინურ–ამერიკული დაპირისპირება პიკშია, აშშ-ს მხარს უჭერს დასავლეთი. ვიცით, ჩინეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. რა გავლენას მოახდენს ჩინურ-ამერიკული დაპირისპირება საქართველოზე, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით?

– ჩინეთში ხვდებიან, რომ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ჩინეთის ეკონომიკა და სავაჭრო დიდება შეაჩეროს. პირველი ფაზა ტრამპმა უკვე შეასრულა: გავიდა წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, ჩინეთთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი; ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნა 12,000 ქარხანა; არეულობა იყო ჰონგ-კონგში და თითქმის $4 ტრილიონიანი კაპიტალიზაციის ჰონგ-კონგის ბირჟას ყოველდღიურად $1,5 მილიარდი ტოვებდა; აშშ-ს მიბაძეს: იაპონიამ, ავსტრალიამ, ზელანდიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და მათაც გააქვთ ჩინეთიდან სამრეწველო სიმძლავრეები და კაპიტალი. თუ კონფლიქტი გამწვავდა, სავაჭრო ომს, შესაძლოა, მოყვეს ჩინეთის ეკონომიკური ემბარგო და საზღვაო იზოლაცია.

აშშ-ჩინეთის სამხედრო პოტენციალი რომ შევადაროთ, აშშ-ს, ქვეითი ძალის გარდა, თითქმის ყველაფერში უპირატესობა აქვს. სურვილის შემთხვევაში, საზღვაო ბლოკადას ადვილად განახორცილებენ. სწორედ ასეთ შემთხვევაში ჩინეთისთვის ალტერნატიულ სავაჭრო მაგისტრალებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: ჩრდილოეთის მარშრუტი ანუ ყინულის დნობით მეტ-ნაკლდებად გახსნილი ჩრდილოეთ საზღვაო მაგისტრალი, აბრეშუმის გზა, რომელიც დღეს უკვე რუსეთზე გადის და ჩინეთი ცდილობს რუსეთისგან დამოუკიდებელი სავაჭრო მაგისტრალიც ჰქონდეს - ცენტრალური აზია-სამხრეთ კავკასია-ევროპა. ამიტომაც გამოაცხადეს მეგა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი „ერთი გზა - ერთი სარტყელი“.

აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში როგორია რუსეთის როლი და პოზიცია?

– აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში რუსეთის პოზიცია მოთხოვნადი ხდება. თუ რუსეთი ჩინეთის მხარეს დაიჭერს და ჯერჯერობით ასეც არის, გამოდის, რომ ფლოტში აშშ-ს უპირატესობა მინიმუმამდე დავა, ხოლო ბირთვულ შეიარაღებაში კი თანაბარი მდგომარეობა იქნება. ასევე პარიტეტი იქნება ავიაციაში და რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჩინეთს თავის დაცვის საშუალებას მისცემს. ცნობისთვის, აშშ-ს 6,185 ბირთვლი რაკეტა აქვს, რუსეთს - 6,500, ხოლო ჩინეთს - 290. თუმცა, როგორც ჰეგელი ამბობდა: „ისტორიას ახასიათებს გამეორება“. არ უნდა გამოვრიცხოთ აშშ-ს და რუსეთის ალიანსი ჩინეთის წინააღმდეგ.

თუ ისტორიას გადავხედავთ, ყველა მასშტაბურ მოვლენაში ამერიკელები და რუსები მოკავშირეებად გამოდიოდნენ: ასე იყო აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროცესში. თუ მსგავსი ალიანსი ჩამოყალიბდა, უკვე დადგება ჩვენი საკითხიც და რუსეთი აუცილებლად მოითხოვს საკუთარი დასავლეთ და სამხრეთ პერიმეტრის კონტროლის უფლებას, ან როგორც მინიმუმ გარანტიებს, რომ საფრთხე აქედან არ შეექმნება.

მსგავსი შეთანხმება ამერიკელებს და რუსებს შორის უკვე მოხდა 2014 წელს უკრაინის თაობაზე, სადაც ფინურ კუნძულ ბოისტოზე „ევრომაიდანის“ შემდეგ ორი ქვეყნის დელეგაციებმა განიხილეს უკრაინის საკითხი და ზოგიერთ პრინციპზეც შეთანხმდნენ. დროა, ქართულმა დიპლომატიამ ფხა გამოაჩინოს და მზად ჰქონდეს რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის საკუთარი მოდელი, სადაც ყველა ძირითადი მოთამაშის ინტერესი გათვალისწინებული იქნება და პირველ რიგში - საქართველოს. შესაძლოა, არც კი გვკითხონ, მაგრამ ჩვენი მზაობა და მცდელობა აუცილებელია. ადრე გამოვაქვეყნე ჩემეული ხედვა, თუ გინდა დაარქვით გოგავას „სამი ღერძის სტრატეგია“ და ვფიქრობ, მასზე შეიძლება ახალი არქიტექტურის აგება.

არის ასეთი შეფასებაც, რომ დღეს ჩინეთის მოთოკვა არის მსოფლიოს ინტერესებში, თუმცა კრიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ჩინეთის მოთოკვის მიზანია მზარდი ეკონომიკა და მაშინ ამერიკაც მოსათოკია, რადგან მსოფლიოს 15% მის ხელშია. ეყოფა აშშ-ს და დასავლეთს იმის რესურსი, რომ მოთოკონ ჩინეთის ეკონომიკა?

– დღევანდელი ჩინეთი ამერიკის პროდუქტია, ისევე როგორც იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი და ამაში ნაწილობრივ ბრიტანელებიც მონაწილეობდნენ. ჩინეთის განვითარებაზე შეთანხმება 1978 წელს შედგა და აშშ-მ დაიწყო მათთვის სამრეწველო ტექნოლოგიების გადაცემა, საკუთარი ქარხნების ჩინეთში გადატანა - მხოლოდ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ამერიკიდან ჩინეთში 90,000 ქარხანა გადავიდა. სანაცვლოდ, ჩინეთმა შემოიღო შობადობის რეგულირების უპრეცედენტო პოლიტიკა „ერთი ოჯახი-ერთი ბავშვი“ და გახდა აშშ-ს პარტნიორი სსრკ-სთან დაპირისპირებაში.

1979 წელს კომუნისტურ ვიეტნამსაც კი დაუწყო ომი, სადაც 100,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ჩინეთში 3 მილიონამდე ქარხანა მუშაობს და 80-იანი წლებიდან მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი - ამერიკული ბაზრით დაუბრკოლებლივ სარგებლობს. 2018 წელს ჩინეთი მხოლოდ აშშ-ში $540 მილიარდი დოლარის საქონელს ყიდდა, ხოლო ამერიკელებისგან $120 მილიარდის საქონელს ყიდულობდა. მოგების დიდ ნაწილს კი აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებში დებდა, რაც ამერიკის ეკონომიკას ემსახურებოდა.

2008 წელს პენტაგონმა გამოაქვეყნა ნახევრად საიდუმლო კვლევა, რომლის მიხედვით, ჩინეთი 2030 წელს აშშ-ს ეკონომიკას გაუსწრებდა და სამხედრო ხარჯებითაც ლიდერი გახდებოდა, თუ ამას დავუმატებთ ტაჯიკეთში, მიანმაში, კამბოჯაში, შრი-ლანკაზე, ჯიბუტიში ჩინური სამხედრო ბაზების გახსნას, აფრიკის რესურსებში მძლავრ ინვესტიციებს, ევროპის საბანკო სექტორში შესვლას, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელების საერთაშორისო მასშტაბით ინსტალაციას, მეგა-პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ გამოცხადებას, ნათელი ხდება, რომ პენტაგონის მოხსენება საკმაოდ რეალისტური იყო იმის ფონზე, როცა ჩინეთის ეკონომიკის მოცულობამ, მსყიდველობითი უნარის მიხედვით, აშშ-ს ეკონომიკას უკვე გადაუსწრო.

ცხადი იყო, რომ თეთრი სახლი არ დაუშვებდა ჩინეთის ფარულ თუ ღია პრეტენზიას მსოფლიო ჰეგემონიაზე და მივიღეთ სავაჭრო და „ვირუსული ომი“. ამერიკის და მისი მოკავშირეების ბაზრების გარეშე ჩინეთის ეკონომიკის განვითარება შენელდება, შესაძლოა მინუსებშიც წავიდეს. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა იძლევა საშუალებას, რომ რაღაც პერიოდი გაუძლოს კრიზისს, უმუშევრობას, სოციალურ დაძაბულობას, მაგრამ ექსპორტი თუ არ ჩანაცვლდა გაზრდილი შიდა მოხმარებით, ჩინური სტაბილურობა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს. ნათელია, რომ აშშ-მ პროექტი „ჩინეთი - მსოფლიო ფაბრიკა“ დახურა.

თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ინტერესს საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ინტერესებში რამდენად არის ჩინეთის ინტერესების მოთოკვა?

– ჩინეთს და საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ბოლო წლები. ჩვენთვის საინტერესოა ჩინური ბაზარი, თუმცა როგორც ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორთან, მათთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს - ღვინის გარდა ცოტა რამ იყიდება იქ ჩვენი, მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ვფიქრობ, საერთოდ ნონსენსია ისეთ ინდუსტრიულ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი - ამით პირდაპირ ვკლავთ ნებისმიერ წარმოებას საკუთარ ქვეყანაში და ვყიდით მხოლოდ ღვინოს. ვაჭრობის შედეგად კი ვღარიბდებით. აშშ-მ დაიწყო ჩინეთის დეინდუსტრიალიზაცია - ეს კი ჩვენთვის არის შანსი, რომ შრომის საერთაშორისო დანაწილების ახალ სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშა ავიღოთ: მაგალითად ტექსტილი, ფეხსაცმელი, ფარმაცევტიკა, კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ოპტიკა, კერამიკული წარმოება, ჭურჭელი, მიკროელექტორნიკა, ელექტრონიკა, კლიმატური ტექნიკა და სხვა - ამ დარგებში დიდი დამატებითი ღირებულებაა და უდავოდ, კარგი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თუ დოვლათის გაჩენის კუთხით.

ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება უდავოდ დამაფიქრებელია საქართველოს ნაწილში. ჩინური აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოზე გადის და ამ გზის ფინალური სიფრთხილე არის დასავლეთი და თუ დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება გაღრმავდა, ეს პროექტი აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, ისევე როგორც ის მომენტები და მხარეები, რომელიც საქართველოს აინტერესებს ამ პროექტიდან?

– აბრეშუმის გზა 2004 წლიდან საქართველოზე აღარ გადის - ის ჩვენ რუსეთს დავუთმეთ. ჩინური ტვირთების გარდა ცენტრალური აზიის ტვირთებიც რუსეთზე მიდის. სახმელეთო ტვირთები ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის რკინიგზით გადის. ჩინეთისთვის სამხრეთ კავკასიური მარშრუტი პრიორიტეტებში მე-5 ადგილს იკავებს. აშშ-ჩინეთის დაპირისპირების გამწვავების პირობებში, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ჩინური ტვრითების იმედი, რადგან ჩვენ გვაქვს დეკლარირებული აშშ-სთან მოკავშირეობა. ეს კი ვალდებულებებსაც გულისხმობს.

არაგველი641 საინტერესო და დადებითი მიმოხილვაა. მადლობა ირაკლი გოგავას.
3 წლის უკან