ქართველი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დღეში „კოვიდ-19“-ის 6-7 შემთხვევა ეპიდსიტუაციის დასრულებას ნიშნავს და ამიერიდან ლოზუნგი „დარჩი სახლში“ უნდა შევცვალოთ ახალი ლოზუნგით - „ვიცხოვროთ კორონასთან ერთად“. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიოში ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან შემთხვევებმა მატება ისევ დაიწყო.
რა სიტუაციაა მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან მიმართებით? ამის შესახებ For.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე ესაუბრა.
გიორგი კამკამიძე: ის შემთხვევები, რაც დღეს გვაქვს, ნიშნავს, რომ, გარკვეულად, დასტაბილურდა სიტუაცია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეპიდემია მთლიანად დასრულებულია. უბრალოდ, პირველი ფაზა ყველა ქვეყანამ სხვადასხვა მრუდით გაიარა. საბედნიეროდ, საქართველოში არ იყო ყოველდღიური შემთხვევების ისეთი ძლიერი მატება, 40 შემთხვევამდე იყო ყველაზე მაქსიმუმი დღიური რაოდენობა და ამის მერე უკვე ჩამოვიდა ეს რაოდენობა საშუალოდ დღეში 6-7 შემთხვევაზე. შესაბამისად, პირველი ტალღა გადავიარეთ. ეს არ ნიშნავს, ამას არ მოჰყვეს შემდეგი ტალღები.
ახლა მეორე ტალღის მოლოდინზეა საუბარი, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ტალღაც კი იყოს მომავალში, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობას ჯერჯერობით არ აქვს შეხება ამ ვირუსთან, მათ არ გადაუტანიათ ეს ვირუსი. გარდა თვითონ უშუალო ავადმყოფებისა, რომლებიც კორონავირუსზე მკურნალობდნენ, შეიძლება გაცილებით მეტი იყოს ამ ვირუსით დასნეულებული, მაგრამ მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევით, ჯერჯერობით ეს არ აღემატება 3-4%-ს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მოსახლეობას დაცვა აქვს ამ ვირუსთან მიმართებით. მომავალში შეიძლება იყოს შემთხვევების უფრო მეტი მატება.
ვირუსისგან დაცვაში თქვენ გულისხმობთ საზოგადოებრივ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანებმა უნდა გამოიმუშავონ კოვიდთან მიმართებით?
- აქ ვგულისხმობ, რომ შემოდგომაზე ძალიან ხშირია სხვადასხვა რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული მსგავსი ტალღები. სხვა ინფექციების დროსაც შეიძლება ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ტალღაც კი იყოს, კოვიდთან დაკავშირებითაც მსგავსი რამ არის მოსალოდნელი. უბრალოდ, მოსახლეობის მთლიანი შეზღუდვა და სახლში დარჩენა ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება უფრო გახანგრძლივებული რეჟიმით. ეს ყველაფრის ჩამოშლას გამოიწვევს, მათ შორის, ეკონომიკის, განათლების. ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ისეთ რეჟიმში, ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება. ეს დაგვეხმარება სხვა ვირუსებთან ბრძოლაშიც, უნდა დავიცვათ ძირითადი ჰიგიენის წესები, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ჯერჯერობით საჭიროა პირბადეების გამოყენება თავშეყრის ადგილებში.
ბიზნესებმა, რომლებიც გაიხსნება, გარკვეული ჰიგიენური ნორმები უნდა დააკმაყოფილონ. ძალიან ძნელია ბალანსის დაცვა, ჩვენი ცხოვრების წესი იცვლება, მაგრამ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმზე. შეზღუდვების უეცარი მოხსნა და მასობრივი თავშეყრის დაბრუნება კი არ არის სწორი.
თუკი ვისწავლით კორონასთან თანაცხოვრებას, შესაძლოა, მეორე ტალღის დროს ასე ხანგრძლივად აღარ გამოგვკეტონ სახლში?
- ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ გამოკეტვის შემდეგ შეზღუდვების მოხსნის მომენტია ხოლმე საშიში. რაც უფრო ხანგრძლივი იქნება გამოკეტვის პერიოდი, ეპიდემიის აღმასვლის პერიოდი შეიძლება მით უფრი ძლიერი იყოს. ამიტომ თანდათანობით უნდა მოიხსნას შეზღუდვები.
ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსის მეორე და დანარჩენი ტალღები უფრო სუსტი იყოს.
- დიახ, მოსალოდნელია, შემდეგი ტალღები უფრო სუსტი იყოს, რაც სხვა ინფექციის დროსაც შეიმჩნევა. 2009 წლის გრიპის პანდემიას თუ გადავხედავთ, შემდგომ პერიოდშიც იყო ასეთივე გრიპის ეპიდემიის ტალღები, მაგრამ შედარებით სუსტი. იმ ლოგიკით, რაც სხვა ინფექციებთან გვაქვს, კორონავირუსის შემდგომი ტალღები შეიძლება მსგავსად წარიმართოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ თვალების მეშვეობითაც შედის ორგანიზმში კორონავირუსი. ასევე, ხმამაღალი საუბრის შემდეგ 18 წუთი რჩება ვირუსი იმ სივრცეში, რომელიც დატოვა მოსაუბრემ.
- ხმამაღლა საუბარი და ვირუსის ნებისმიერი ინტენსიური გამოყოფა ზრდის ვირუსის გადაცემის ალბათობას. განსაკუთრებით, ჩაკეტილ სივრცეში თუ ხდება ეს, მათ შორის, სიმღერის დროსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის რა მონაკვეთში ხდება კონტაქტი. თუკი კონტაქტი 15 წუთზე მეტია, აქ უკვე გაცილებით იზრდება სხვა ადამიანების დაინფიცირების ალბათობა. აქტიური საუბრისას ვირუსის გამოყოფა გაცილებით მაღალია, ეს ვირუსი წვეთების გზით გადადის და, რაც უფრო აქტიურად ლაპარაკობს ადამიანი, მით უფრო მეტი წვეთი ხვდება და იზრდება გარშემომყოფთა ინფიცირების ალბათობა. ეს გარეგნულად არ შეიმჩნევა, მიკროსკოპულად შეიძლება შეიმჩნეს. სხვა ინფექციების შემთხვევაშიც ასეა.
დიდი ხანია, ტუბერკულოზი შესწავლილია, რომლის დროსაც ასეთივე აქტიური საუბარი, სიმღერა და ინტენსიური გამოყოფა განაპირობებს უფრო მაღალ რისკს გარშემომყოფთათვის. რაც შეეხება თვალს, აქაც ლორწოვანია და სხვა მიკროორგანიზმების, სხვა ვირუსების შემთხვევაშიც ხდება გადადება, მათ შორის, კორონავირუსის დროსაც, თუმცა ამ გზით გადაცემა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე სასუნთქი გზით. შესაძლებლობა ნამდვილად არის, თუკი დიდი რაოდენობით მოხვდა თვალის ლორწოვანზე ეს ვირუსი, შესაძლოა, გახდეს გადადების მიზეზი. თუმცა ეპიდემიოლოგიურად, ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, ძირითად გადაცემის გზას არ წარმოადგენს თვალი.
ვირუსის მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და უჰანშიც, სადაც უკვე კორონავირუსის დასრულებაზე იყო საუბარი. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში კვლავაც დაიწყო განახლება და ეძებს შესაძლებლობას, გამოცოცხლდეს?
- ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იმავე კორეაში, უჰანში მიმდინარეობს შეზღუდვების მოხსნა. ამიტომ უფრო მსუბუქ ტალღებს შეიძლება ველოდოთ. შესაძლოა, ეს ძალიან მცირე გავრცელებები იყოს მხოლოდ ლოკალურ ადგილებში და ამან არ მიიღოს აფეთქების სახე. ცუდი იქნება, თუკი ეს პატარა გავრცელებები ისევ გადაიზრდება ეპიდემიის აფეთქებად, რისი შესაძლებლობაც არის, ამიტომ შეზღუდვები ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა მოიხსნას. პატარა ტალღები დასაშვებია, სხვანაირად ვირუსი ასე უცებ არ გაქრება. ცხადია, ყველაზე ადრე კორონავირუსის მეორე ტალღა ზუსტად იქ დაიწყებოდა, სადაც პირველი ტალღა ყველაზე ადრე დამთავრდა. ეს არის ჩინეთი, კორეა, იაპონია.
არის მოსაზრება, რომ ზღვაზე, სადაც ხალხის სიჭარბეა, შეიძლება მაღალი იყოს ვირუსის გავრცელების ალბათობა. თქვენი რეკომენდაცია როგორია, სად უნდა გავატაროთ ზაფხული-ზღვაზე, თუ მთაში?
- საერთოდ, ყოველთვის ჩნდება შეკითხვა, სად წავიყვანოთ ბავშვები - ზღვაზე თუ მთაში. ხშირად ამბობენ, რომ ზღვაზე წაყვანის შემთხვევაში, გაცილებით უფრო ხშირად ემართებათ ინფექციური დაავადებები, მაგრამ ეს ეხება უფრო ნაწლავურ ინფექციებს, რომლებიც წყლის გზით შეიძლება გადავიდეს. რაც შეეხება კორონავირუსს, წყლით არ გადაეცემა ეს ინფექცია. აქ ერთადერთი პრინციპია ადამიანთა კონცენტრაცია. სადაც უფრო ნაკლები ადამიანია, სჯობს ისეთ ადგილებში წავიდეთ დასასვენებლად. შესაბამისად, მთა იქნება თუ ზღვა, იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს საკითხი, რამდენად ბევრი ხალხი იქნება ერთად თავმოყრილი. ეს არის ერთადერთი პრინციპი.
ტრანსპორტის აღდგენის წინაშე ვართ. რამდენად მართალია, რომ ხელთათმანის გაკეთება დიდად აუცილებელი არც არის, რადგან კანიდან იმდენად არ შედის ეს ვირუსი?
- ხელთათმანები უფრო პროფესიული გამოყენების დროსაა მნიშვნელოვანი, როდესაც მათი სწრაფი ცვლა ხდება, ანუ მათი გამოყენების შედეგად ხელთათმანი უნდა მოიხსნას ადამიანმა, გადააგდოს და ახალი წამოიცვას. რა თქმა უნდა, ხელთათმანის მოხსნის შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია, ეს ჯანდაცვის ყველა მუშაკმა იცის და საზოგადოებამაც შეითვისა, რომ თუნდაც სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება ხელების დაბანას არ ცვლის და დაბანა ყოველთვის მიზანშეწონილია ხელთათმანის ან სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ. რაც შეეხება პრაქტიკას, რომ ადამიანები გარეთ დადიან ხელთათმანებით, შედიან მაღაზიაში, იქიდან გამოდიან და ერთსა და იმავე ხელთათმანს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში, ეს არათუ არ არის რეკომენდებული, პირიქით, ეს შეიძლება იყოს გავრცელების რისკი, რადგან ნაკლებად ამუშავებს ადამიანი ხელთათმანს სადეზინფექციო ხსნარით, მით უმეტეს, ხელის დაბანა არ ხდება. შესაბამისად, ეს შეიძლება ინფექციის გავრცელების წყარო იყოს. ამიტომ მოსახლეობის მიერ ხელთათმანების მასობრივი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ხელის ხშირი დაბანა თუნდაც საპნის გარეშე, გამდინარე წყლით გაცილებით ეფექტურია, თუმცა საპნით დაბანა უკეთესია.
დაბოლოს, რამდენად სწორია, რომ ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში პირბადეს იკეთებენ?
- პირბადე უნდა გვეკეთოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ახლო კონტაქტი სხვა ადამიანებთან. გარეთ სეირნობისას მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. პირიქით, თუკი პირბადეს დიდხანს ვიყენებთ, ეს იწვევს პირბადის დატენიანებას. ამიტომ ძალიან ხშირად უნდა ვიცვალოთ პირბადე, რაც, როგორც წესი, არ ხდება და ერთი და იმავე პირბადით დადიან ყველგან. როცა ადამიანი მარტო ზის მანქანაში, პირბადე ნამდვილად არ არის რეკომენდებული. კორონავირუსი ჰაერის გზით გადამდები ინფექცია არ არის, შორ მანძილზე არ გადაეცემა, ამიტომ ჰაერზე ვარჯიშის, სიარულის, სეირნობის დროს არ არის რეკომენდებული პირბადის გამოყენება.