ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ხრისტო პულაიდისი თემურ ქეცბაიას ენდობა. პულაიდისმა კვიპროსულ მედიასთან ინტერვიუში კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ქართველი მწვრთნელი მოითხოვს.
მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა (ფედერაციის გადაწყვეტილებით) და „ანორთოსისს“ მეორე ადგილი, შესაბამისად, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური ერგო.
სეზონის წინ არავინ ელოდა, რომ „ანორთოსისს“ ჩემპიონობისთვის პრეტენზია ექნებოდა. საბოლოოდ ფავორიტებში აღმოჩნდით...
- ჩვენ არ გვაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ, მთავარია, ჩვენ რას ვფიქრობთ. სეზონის წინ ქეცბაიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით. მიმაჩნია, რომ არა სეზონის შეწყვეტა, ასეც იქნებოდა.
როგორი გეგმა გაქვთ ახალი ფეხბურთელების, ასევე გაყიდვებთან დაკავშირებით?
- რასაც მწვრთნელი მოითხოვს, ისე იქნება. გულწრფელად ვამბობ, რომ არ ვიცი და არ მაინტერესებს, ეს ჩემთვის მთავარი არაა. გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებს.
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო „ანორთოსისის“ ბიუჯეტი რამდენად შემცირდება?
- ისეთი იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს.