მეუფე გრიგოლი „ტყის კოდექსზე“: ეს სულაც არ არის პრივილეგია - ეს ეკლესიის ღვაწლია

მეუფე გრიგოლი „ტყის კოდექსზე“: ეს სულაც არ არის პრივილეგია - ეს ეკლესიის ღვაწლია

ქართული ეკლესია და ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ტაძრებს, მის მიმდებარე ტერიტორიებს, უვლიდნენ, ამრავლებდნენ და ასე უნარჩუნებდნენ მომავალ თაობებს, - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეკლესიებისთვის ხე-ტყის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

„მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს და ამრავლებს ტყეს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის“, - აცხადებს მეუფე.

მისივე თქმით, ხე-ტყის გადაცემა ეკლესიისთვის პრივილეგია კი არ არის, არამედ მრავალსაუკუნოვანი ღვაწლის დაფასება.

„შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა - სვეტიცხოვლის, ქუთაისი - გელათისა და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია - ეს ეკლესიის ღვაწლია, საუკუნეების განმავლობაში რომ იცავდა ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა.