ლევან რატიანი: ალბათ გვექნება ერთეული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოუვლის და გადალახავს

ლევან რატიანი: ალბათ გვექნება ერთეული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოუვლის და გადალახავს

ლევან რატიანი შეზღუდვების შემსუბუქების გამო კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ელოდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მოიხსნა რაღაც შეზღუდვები. ალბათ ეს გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას, მაგრამ ალბათ ის რაოდენობა არ იქნება, რაც გამოიწვევს მედიცინის კოლაფსს. ეს იქნება, ალბათ ერთეული შემთხვევები, საბედნიეროდ, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოუვლის და გადალახავს“, - განაცხადა რატიანმა.

მან ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირა ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ შემოსულა და არ დადასტურებულა, რაც ძალიან გვახარებს ამ ეტაპზე. იმედია, რომ თვის ბოლომდე აუცილებლად გავწერთ ყველა პაციენტს გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში და კლინიკა დაიწყებს ძველებურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.