ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ევროკავშირი შესაძლოა კორონავირუსის გამო დაიშალოს

ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ევროკავშირი შესაძლოა კორონავირუსის გამო დაიშალოს

მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის აზრით, ევროკავშირი შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის გამო დაიშალოს, თუ იტალიისა და სხვა ფინანსურად სუსტი წევრების დასახმარებლად უვადო ობლიგაციებს არ გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

89 წლის ფინანსისტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრა იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, ხოლო სანდო ვაქცინის შექმნის პროცესი ვირუსის სწრაფი ევოლუციის გამო შეფერხდება.

„თუ ევროკავშირი ახალ უვადო ობლიგაციების საკითხს არ განიხილავს, ის, შესაძლოა, არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდეს. ეს არა თეორიული შესაძლებლობა, არამედ ტრაგიკული რეალობაა“, - განაცხადა სოროსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.