კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები მთლიანად იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მთავრობამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაუკავშირა გახსნის არც ერთ ეტაპს, რადგან ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან. მთავრობა გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებს.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას და მოთხოვნას სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან
„ვირუსი არსად წასულა და ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ვერაფერს ამბობს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ „კოვიდ–19“–ის ტალღის მეორე საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც ცნობილია, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რა სახითაც არის შემოთავაზებული, აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში. ჩუგოშვილს აქვს მოლოდინია, რომ კანონი აუცილებლად გაუქმდება. მისი თქმით, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის და სერიოზული საფრთხის მატარებელია.
„პირდაპირი ჩანაწერებია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, რა სახითაც არის შემოტანილი, სერიოზული საფრთხის მატარებელია. ანუ, ეს ინიციატივა ამბობს იმას, რომ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება გამოაცხადოს, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა ისე, რომ ამაში უბრალოდ გამოიროცხოს პარლამენტის როლი.
ანუ, არ ერქვას საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები იყოს იგივე ხარისხის, რა ხარისხის შეზღუდვებიც არის შესაძლებელი საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს არის ფუნდამენტური აღრევა კონსტიტუციური მანდატის, ხელისუფლების დანაწილების. კონკრეტული საფრთხეების შემცველია. თან, მით უმეტეს, როცა არჩევნებს ვუახლოვდებით და უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მათი შეხვედრების, ღონისძიებების, მათი კამპანიის შესაზღუდად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძეს განცხადებით, ხვალინდელი აქტი არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო მისი გამომცემი მთავრობა და პრემიერ–მინისტრი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს.
„საქართველოს კონსტიტუციით ეპიდემიის შემთხვევაში უდნა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თქვენ ეპიდემიისთვის აუცილებელ შეზღუდვებს ხვალიდან აწესებთ საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტი იმისა, რომ ხვალინდელი თქვენი აქტი არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო მისი გამომცემი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს. კარგად დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ ამ კანონის გამო ცხვირის წამტვრევა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ართმევს უფლებას, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს, რაც მისი თქმით, უკვე კონსტიტუციური გადატრიალებაა. მისი თქმით, კანონპროექტზე პარლამენტის მსჯელობის ნაცვლად, გახარია დადგენილებას დაწერს.
„ბევრმა თქვა, რომ ანტიკონსტიტუციურია ეს კანონპროექტი და ანტიკონსტიტუციურია არა იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვების უფლება ეძლევა ხელისუფლებას, რაზეც პარლამენტს საერთოდ არ დაეკითხება, არამედ, ეძლევა ასევე უფლება, დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონშემოქმედება. დღეს მაგალითად, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლობენ. ამ ონლაინ სწავლებას მოყვება ონლაინ შეფასება, მაგრამ ონლაინ შეფასების და დისტანციური შეფასების კანონი არ გვაქვს. ახლა გეკითხებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ვითარება გაგრძელდება, ვინ მიიღებს კანონს დისტანციურ სწავლებასა და შეფასებაზე? ამას გავაკეთებთ ჩვენ თუ ამ კონკრეტული კანონის მიღების შემდეგ, ამის გაკეთების უფლება ექნება მთავრობას, მის მიერ გამოცემული დადგენილებით? აქედან გამოდის, რომ მას ამის უფლება აქვს. შესაბამისად, ის ანაცვლებს არა მარტო რაღაც ქმედებებს, პარლამენტს ართმევს უფლებას, გარკვეულ კანონპროექტზე იმსჯელოს. ეს უკვე მართლაც კონსტიტუციური გადატრიალებაა, როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ პრემიერ–მინისტრმა, მთავრობამ დადგენილებით ჩაანაცვლოს კანონი“, – აცხადებს სერგო რატიანი.
ოპონენტების პოზიცია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. ვიცე–სპიკერი, გია ვოლსკი ეჭვობს, რომ ოპონენტებს საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება იმისთვის ხომ არ უნდათ, რათა არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს, ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია.
„ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს. იმდენად აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ერთ წინადადებაში ძნელია, განმარტო თვითონ სირთულე, რისი წარმოდგენაც უნდა ოპოზიციას ამ „ჯანმრთელობის დაცვის კანონთან“ დაკავშირებით.
ელემენტარულია, პარლამენტი აძლევს უფლებამოსილებას მთავრობას, იმოქმედოს, მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუკი ამის საჭიროება იქნება. რასაკვირველია, პასუხის მოთხოვნის მექანიზმი, დაბარების მექანიზმი ყველა გადადგმულ ნაბიჯზე არ იშლება, ამაშია მთელი არსი ამ კანონპროექტის.
გვეუბნებიან, რომ ყველა გადასადგმელი ნაბიჯის წინ უნდა იყოს პარლამენტთან შეთანხმება, როდესაც ჯერ ერთი სრულიად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მეორეც, ოპერატიული ვითარება ან ვითარების დამძიმება, რომელიც შეიძლება, მოყვეს ამ ვირუსის გავრცელებას, რასაკვირველია, ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს. ამაშია მთელი არსი. მთავრობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები, იმოქმედოს შესაბამისად და რა ძალა შეიძლება გამოიყენოს მთავრობამ ან რატომ, რის საფუძველზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რომ შეზღუდოს ადამიანები მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს, ეს არის წმინდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რასაკვირველია, ეს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს განეკუთვნება და არა საქმეზე და ხალხზე ზრუნვის ელემენტს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის თქმით, ამ ყველაფერზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ყველანაირი კანონი დაარღვიეს.
„ის ხალხი გველაპარაკება, რომელმაც ყველანაირი კანონის არსებობის პერიოდში, ყველანაირი კანონი დაარღვია. არც ერთი კანონი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ეწამებინათ ხალხი ციხეებში, მაგრამ აწამეს, დაეჭირათ და წაერთმიათ ქონება, ჯანმრთელობა ან ღირსება, მაგრამ გააკეთეს. გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ თითქოს და ვიღაც შეზღუდოს, გამოიყენოს უფლებამოსილება ისე, რომ არ იყოს ვირუსთან ბრძოლის აუცილებლობით განპირობებული. გამორიცხულია, თორემ ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ მთავრობას კანონით, თუ კანონის ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა. ამაზეა საუბარი, ლოგიკა აქ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.