ინგლისის პრემიერ-ლიგის აქციონერებმა ვარჯიშების განახლებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-ლიგის ვებგერდზე გამოქვეყნდა.
პირველ ეტაპზე ვარჯიში დაშვებულია სოციალური დისტანციის დაცვით, მცირე ჯგუფებს შორის. კონტაქტური ვარჯიში ჯერ არ არის დაშვებული.
გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან, მენეჯერებთან, პრემიერ-ლიგის კლუბების ექიმებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
„მკაცრი სამედიცინო პროტოკოლი ყველას მისცემს შესაძლებლობას, ვარჯის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდეს. აღნიშულ ჯგუფებთან კონსულტაციები გრძელდება, რათა კონტაქტური ვარჯიშისთვის პროტოკოლი შემუშავდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.