FIFA კრონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების შეგროვების მიზნით, საქველმოქმედო მატჩს უწევს ორგანიზებას. ამის შესახებ გამოცემა sportsmole ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მოზიდული თანხით, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად წამლების შეძენა მოხდება. ასევე მოხდება COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ტექნოლოგიების შემუშავებაში ხელშეწყობა.
„ვალდებულებას ვიღებთ, ეს გლობალური საქველმოქმედო მატჩი ჩავატაროთ. შეხვედრა მაშინ შედგება, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ”, – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.
მისი თქმით, FIFA კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალურ სოლიდარობას გამოიჩენს და ფინანსურ რესურსსაც გაიღებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.