რუსეთში მოღვაწე პოპულარულ ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს მოსკოვში დავუკავშირდით და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ:
- ახალი წელი ახლოვდება და საქმე მომემატა. საახალწლოდ 6 კონცერტზე გამოვდივარ და, როგორც ყოველთვის, ახალ წელს სცენაზე შევხვდები.
- ბოლო ხანს საქართველოში უამრავი რამ შეიცვალა...
- თუმცა მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წასულა, პოლიტიკოსებს შორის კვლავ ჭიდილია. ვერ ვხვდები, რა უნდათ, საით მიდიან? ერთი კია, უნდა დასრულდეს ადამიანების დაპატიმრება და ანგარიშსწორება. ეს საშინელება 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და იმედი მაქვს, აღარ გამეორდება.
- ბატონო სოსო, აღნიშნეთ, ანგარიშსწორება არ უნდა იყოსო, მაგრამ ნუთუ ის ადამიანები არ უნდა დაისაჯონ, რომელთა მინისტრობის პერიოდში ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდებს ხოცავდნენ, ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?
- მე რიგით, ჩვეულებრივ ქართველებზე ვლაპარაკობ და არა გარეწრებზე. მაგათზე საუბარიც კი სირცხვილია - 9 წელი იბოგინეს და თავიანთი ხუშტურების გამო უამრავი ადამიანი გააუბედურეს. რაც ყველაზე საშინელია, ისინი, პირველ რიგში, ინტელექტუალ, განათლებულ, თავისი საქმის მცოდე, პროფესიონალ ადამიანებს ებრძოდნენ და ანადგურებდნენ. მინდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველა პროფესიონალი გამოიყენოს და ყურადღება არ მიაქციოს, გუშინ ვინ რომელ სტრუქტურაში მუშაობდა.
- "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ გითქვამთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება და მათ მიერ მართული ტელეკომპანიები შავ პიარს გიგორებდნენ. მაინც რას გერჩოდნენ?
- მართლაც მებრძოდნენ. სხვას სცხებდნენ ჩირქს და დამნაშავედ, მოღალატედ აცხადებდნენ, თვითონ კარგები რომ გამოჩენილიყვნენ. რატომ ვარ მოღალატე, მოსკოვში რომ ვცხოვრობ?! მე რომ მოსკოვიდან საქართველოზე ვმღეროდი, ვმღერი და ვყვირი, ამათ არც დაესიზმრებათ. მაგრამ ამას ვინმეს დასანახავად კი არა, ჩემი სურვილით ვაკეთებდი. თავის გამოჩენა ვიღაცის და რაღაცის გამო რომ მნდომოდა, აქამდე სახალხო არტისტი ვიქნებოდი. ახლაც შემეძლო პიარი გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის, არჩევნების წინ ჩამოვსულიყავი და თუ ვიღაც ერთ სტადიონს ავსებს, მე სამი სტადიონი გამევსო. მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა, ამით ქართველ ხალხს ერთმანეთს დავუპირისპირებდი. ამას კი არასდროს გავაკეთებ, რადგან ყველა ქართველი მიყვარს. გუშინდელი ხელისუფლება სხვებს უგორებდა შავ პიარს და ბოლოს თავიანთ თავს აუგორეს. ჯერ კიდევ როდის მივმართავდი მათ, ნუ გადაჰკიდებთ ქართველებს ერთმანეთს, თორემ ისევ თქვენ მოგიტრიალებათ-მეთქი. ასეც მოხდა.
- როდესაც ციხის სკანდალური კადრები გახმაურდა, სააკაშვილმა განაცხადა, მსგავსი რამ უამრავი ქვეყნის ციხეებში ხდებაო. რუსეთში თუ ხდება პატიმრების გაუპატიურება?
- რუსულ მედიაში დაწერილა და თქმულა, რომ ციხეებში პატიმრებს სცემენ, მაგრამ ცოცხებით და ბლაგვი საგნებით ადამიანების შეურაცხყოფის შესახებ ჭორადაც არ მსმენია. დავუშვათ, ხდება ასეთი რამ რუსეთში, მათ რას ვედრებით? ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ვართ ქართველები, ღრმად რომ ჩავეძიოთ, შეიძლება პატიმარი და მისი ჯალათი ბადრაგი ახლო ნათესავებიც კი აღმოჩნდნენ. რუსეთში 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოში კი - 4 მილიონამდე. ჩვენი უბედურება ის არის, რომ 9 წლის განმავლობაში არაადამიანების ხელში ჩავაგდეთ საქართველო და ძალადობის მსხვერპლნი აღმოვჩნდით... ერთ ამბავს გიამბობთ: როდესაც უკრაინაში, თურქეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში ქართველებს ვხვდებოდი, დაშინებულები ტელეფონებს თიშავდნენ და შლიდნენ და ისე იწყებდნენ ჩემთან საუბარს. როცა გაოგნებულმა ვიკითხე, ასე რატომ იქცევით-მეთქი, მითხრეს, ჩვენს საუბრებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც ისმენენ, შენ არ იცი, ჩვენ ვის ხელში და რა დღეში ვართო.
- რუსეთში რას ამბობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?
- რა უნდა თქვან? რუსეთმა თავისი საქმე გაიკეთა - გუშინდელი ხელისუფლების ამბიციების ხარჯზე საქართველოს ტერიტორიის 30 პროცენტი წაართვა.
- როდის ჩამოხვალთ საქართველოში?
- ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ. თანაც ახლა ჩემთვის არავის სცალია. დავიწყოთ ერთმანეთის მოფერება, უწმინდესს დავუჯეროთ და არა პოლიტიკოსებს. ვიდრე ქართველი ქართველს არ შეიყვარებს, არაფერი გვეშველება. სიყვარული და ღვთისნიერება, ერთმანეთის სიყვარული და გატანა გადაარჩენს საქართველოს!