როგორც ახლახანს გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ იტყობინებოდა, 2015 წელს რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მერკელის ოფისის კომპიუტერში შენახულ ელექტრონულ წერილებში შეაღწია. „მე ეს ძალიან მაწუხებს“, - აღნიშნა მერკელმა პარლამენტში, როდესაც მას ამ ინფორმაციის სანდოობის შესახებ კითხეს. მერკელმა ამ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.
თუმცა კანცლერმა იქვე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა შეინარჩუნოს.
როგორც „შპიგელი“ წერს, ჰაკერული შეტევის შედეგად 2015 წელს პარლამენტის კომპიუტერში არსებული ინფორმაცია მოიპარეს, ხოლო 2018 წელს განხორციელდა შეტევა მთავრობის კომპიუტერულ ქსელზე და სწორედ მაშინ გაჩნდა ცნობები ამ შეტევებში რუსი ჰაკერების მონაწილეობის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლება თავის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, „შპიგელი“იუწყება, რომ გერმანელმა ექსპერტებმა შეძლეს და ჰაკერული შეტევის დეტალები აღადგინეს. როგორც ირკვევა, ბოროტმოქმედებმა მერკელის ოფისში ელექტრონული წრილების ორი ყუთი გატეხეს, რომლებშიც, სავარაუდოდ, 2012-2015 წლებით დათარიღებული ელექტრონული წერილები ინახებოდა.
ითვლება, რომ Fancy Bear ან APT28 სახელით ცნობილი ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ ამ შეტევის უკან დგას, პასუხისმგებელია იმ კიბერშეტევაზე, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორიელდა.
„ყოველდღიურად ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ მეორე მხრივ, აშკარა მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ამ ყველაფერს რუსული ძალები სჩადიან“, - „ფრანს პრესი“ მერკელის სიტყვების ციტირებას ახდენს.
„სამწუხაროდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ახლა არ დაწყებულა“, - თქვა მერკელმა. მანვე აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და ინტერნეტში ფაქტების დამახინჯება რუსული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.
ორი წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს ბუნდესტაგი არ გაუტეხავს, და გაიხუმრა: „ჩვენ ეს მხოლოდ ერთხელ, 1945 წელს გავაკეთეთ - როდესაც ბერლინს ნაცისტებისგან ვათავისუფლებდით და მაშინ რაიხსტაგი ერქვა“.
გერმანული სპეცსამსახურების აზრით, რუსეთი გერმანიის სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმებს საიდუმლო მონაცემების შეგროვების მიზნით ახორციელებს.
ურთიერთობებს რუსეთსა და გერამანიას, ასევე პუტინსა და მერკელს შორის, მარტივს ვერ უწოდებ. ერთი მხრივ, მერკელმა დაგმო 2014 წელს ყირიმის ანექსია და მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მიუხედავად შიდა და გარე კრიტიკისა, ასევე მხრი დაუჭირა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში თითქმის ორჯერ გაიზრდება.
ათასობით გერმანული კომპანია აგრძელებს ბიზნესურთიერთობებს რუსეთთან და ზოგი მათგანი, საერთოდ, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს, რადგან ეს, მათი აზრით, ვაჭრობას ვნებს.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)
ეტყობა, კარგი მოსაუბრეა ფრაუ მერკელი და ყველას აინტერესებს,
რას ლაპარაკობს :))