„ბევრი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ჩინეთიდან საწარმოების გამოტანას, საქართველოზეც შეაჩერებს არჩევანს“

„ბევრი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ჩინეთიდან საწარმოების გამოტანას, საქართველოზეც შეაჩერებს არჩევანს“

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ჩინეთს, ღარიბ სახელმწიფოებს იმედი მიეცათ, ჩინეთიდან ეკონომიკური სიმძლავრეების გამოტანის შემთხვევაში, საკუთარი ნიშა იპოვონ.

ჩინეთმა, რომელმაც შესაძლოა დამალა კორონაპანდემიის შესახებ ინფორმაცია, დააფიქრა მთელი მსოფლიო, რატომ არიან ისინი დამოკიდებულნი ჩინურ წარმოებაზე და რატომ არ ახდენენ წარმოების დივერსიფიკაციას. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება შეიქმნას ახალი სავაჭრო წესრიგი, რითაც ჩინეთთან ურთიერთობები გადაიხედება.

პანდემიის ფონზე გაჩნდა ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისთვის. თუკი ჩინეთიდან მოხდება ცალკეული წარმოებების გატანა საქართველოში, ამან შესაძლოა ჩვენს ქვეყანას სული მოათქმევინოს და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთიდან საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესახებ პირველად მისგან გახმიანდა და თავდაპირველად ბევრმა არარეალისტურად აღიქვა, დღეს კი მოდაში შემოვიდა ამაზე საუბარი და ადამიანებმა აიტაცეს ეს მოსაზრება.

„პირველად, როცა ამის შესახებ ვთქვი, ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მომწერა ფეისბუკზე, რას ლაპარაკობ, შენ გგონია, საწარმოებს ვინმე საქართველოში გადმოიტანსო? იმის მერე ცალკეულმა ადამიანებმა აიტაცეს ეს მოსაზრება და ეს თემა დღეს აქტუალური გახდა. სავსებით რეალურია, ასე მოხდეს, თუკი ჩვენ მსოფლიოს დავანახებთ, რომ კარგი მენეჯმენტი გვყავს. თუნდაც იმავე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ხალხს ჩვენს გარშემო, როგორ შეგვიძლია კორონავირუსთან გამკლავება. აგერ, სომხები რას წერენ ჩვენზე და სხვებიც, რომ ძალიან ეფექტური მთავრობა გვყავს და კარგი ბიზნესგარემო გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, დიდი კორპორაციები დაფიქრდებიან იმაზე, ჩინეთიდან საწარმოების გამოტანის შემთხვევაში, ხომ არ გააკეთონ არჩევანი საქართველოზე. ცხადია, ასე მარტივიც არ არის ჩინეთიდან ეკონომიკური სიმძლავრეების გადმოტანა, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ეფექტიანობასთანაცაა დაკავშირებული. თუ ჩინეთში უფრო იაფად აწარმოებ პროდუქციას, არ არის მარტივი, უცებ ადგე და საწარმოები გადმოიტანო სხვა ქვეყანაში, მაგრამ ბევრი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ჩინეთიდან საწარმოების გამოტანას, საქართველოსაც განიხილავს, რათა ინვესტირება აქ მოახდინოს და ჩინეთიდან წამოიღოს სიმძლავრეები“, - აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომლის აზრითაც, ჩვენ კარგი პოზიციონირება გვაქვს მსოფლიო რუკაზე და ეს შანსი შეიძლება გამოვიყენოთ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს არ სჯერა, ჩინეთიდან ეკონომიკური აქტივების გამოტანა მოხდეს. მისი აზრით, ეს არ არის იოლი ამბავი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთს იაფი მუშახელი ჰყავს, კარგი ტექნოლოგიები აქვს, ყველაზე ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა ჩინეთშია და ისე არავინ მუშაობს, როგორც ჩინელი. ისინი სწრაფად და ბევრს მუშაობენ და ჩინელივით ქართველს ვერ ავამუშავებთ, ეს წარმოუდგენელია.

„ჩინელი 12 საათი მუშაობს და დღეში ერთ დოლარზეა თანახმა. ქართველს ეს უნდა? ერთი მხრივ, ქართველების ეს თვისება კარგია, რატომ უნდა მოიკლან თავი მუშაობით? მაგრამ არ არის ასე, რომ მსოფლიო ადგეს, ჩინეთში დახუროს საწარმოები და სადმე გადაიტანოს. ცხადია, ჩინელების მიმართ სასჯელი იქნება, წამოიღებენ იქიდან რაღაცებს, თუნდაც იმას, რომ, ელემენტარულად, ევროპაში პირბადეების წარმოება არ არის, ჩინეთიდან ყიდულობენ პირბადეებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩაიგდეს თავი ევროპელებმა? თუმცა არ მოველი, რომ მთელი ჩინეთის წარმოებას დაცლიან და სხვაგან წაიღებენ. ზღაპრები მოყვა მამუკა ხაზარაძემ, ჩინეთიდან კაპიტალი გამოდის და ჩქარა, ლაზიკა ავაშენოთო. ასეთი ფუჭი მოლოდინით არაფერი გამოვა. კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ, სადაც იაფი ჯდება, წარმოებაც იქ იქნება. კაპიტალი მოგების მაქსიმალიზაციითა და ხარჯების მინიმალიზაციითაა დაინტერესებული და ეს ყველაზე კარგად დღესაც ჩინეთში ხერხდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმატებით, ჩინეთი ყველაზე ადრე გამოდის კორონაკრიზისიდან, 290 ადამიანი რჩება სამკურნალოდ, დანარჩენი გამოჯანმრთელებულია. უფრო ცოტა ჰყავს ჩინელს ახლა საავადმყოფოში ადამიანი, ვიდრე საქართველოს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩინელები როცა გამოვლენ კორონავირუსის შოკიდან, ჩვენსავით კი არ ჩაჯდებიან უსაქმურად, დღე და ღამე იმუშავებენ.

„ახლა ჩინეთისკენ ხელს იშვერენ, მას აბრალებენ ვირუსის გავრცელებას. არ ვიცი, ეს რამდენად საფუძვლიანია. ამასობაში ჩინეთმა კონკურენტული უპირატესობა გაიმყარა, უფრო წინ არის წასული, რადგან არ გაჩერებულა. გაჩერდა მხოლოდ უჰანი, მხოლოდ ეს პროვინცია ჩაიკეტა, რაც ჩინეთისთვის არაფერია, ჩინეთის მოსახლეობის მეასედია. როცა მთელი დასავლეთი გაჩერებული იყო, ჩინელები მუშაობდნენ, ეკონომიკა არ გაუჩერებიათ. ახლა იმიტომ იშვერენ ხელს ჩინეთისკენ, იქნებ, რაიმე კომპენსაცია გამოსტყუონ. სინამდვილეში, ეს პროპაგანდაა, რათა საკუთარი მოსახლეობის თვალში დაიწერონ ქულები. თუნდაც ჩვენც რომ მოვითხოვოთ კომპენსაცია ჩინეთისგან, რამეს მოგვცემს?“

 

ზურაბი სააკაშვილი გადაიტანს უკრაინაში წარმოებას ჩინეთიდან.ჩინეთის კომპარტიის უფროსი მაგის ძმაკაცია და ურიგოდ გაუშვებს.
4 წლის უკან
ხიროხიტო ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთიდან საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესახებ პირველად მისგან გახმიანდა და თავდაპირველად ბევრმა არარეალისტურად აღიქვა, დღეს კი მოდაში შემოვიდა ამაზე საუბარი და ადამიანებმა აიტაცეს ეს მოსაზრება.

____________________

ჩემო ნიკოლოზ პრობლემაც ისაა, რომ მოდაში შემოვიდა და არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. წარმოების გადატანა კარტოფილის ბაზარში გატანა გგონიათ. არც მუშახელი გყავს საქართველოში, არც კვალიფიკაცია აქვთ, არც ინფრასტრუქტურა, არც შრომის კულტურა და არც დაბალი ანაზღაურება (დაბალი ანაზღაურება ზალიან კარგია კონკურენტული წარმოებისთვის და ეს რომ გქონდეს ქვეყანაში ყველაფერი ასევე ძალიან იაფი უნდა იყოს, რომ ის დაბალი ანაზღაურება ეყოს დასაქმებულს)

ნეტავ რომელ ინკუბატორში იჩეკებიან ეს ექსპერტები? დენი მაინც ჩაურთეთ მუდმივად იმ ინკუბატორს თორემ ლაყდებიან ხომ ხედავთ
4 წლის უკან