ამერიკელმა გერმანიაში მცხოვრები შეყვარებულის სანახავად თავი ფრანქფურტის აეროპორტის დამლაგებლად გაასაღა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიასა და აშშ-ს შორის საჰაერო მიმოსვლა სრულად არ არის შემწყდარი. გამონაკლისი დაშვებულია გერმანიაში მცხოვრებებისთვის და მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის. სწორედ ამით ისარგებლა 20 წლის კაცმა. მან აეროპორტში შემოწმების თავიდან ასარიდებლად თავი დამლაგებლად გაასაღა - ხელში ნაგვის ურნები ეჭირა და სპეციალური ჟილეტი ეცვა. თუმცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია, რომ მას საჭირო ბეიჯი არ აქვს და კაცი დააკავეს.
სამართალდამცველებთან საუბარში ამერიკელი გამოტყდა, რომ გერმანიაში მცხოვრები შეყვარებულის ნახვის სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრა. ორშაბათს ის აშშ-ში დააბრუნეს. შეყვარებულის ნახვა ახალგაზრდამ მაინც ვერ მოახერხა.